logo
ENG



ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

24 ოქტ 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock 3426

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. 

გვარამია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში,  სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.

იუსტიციის სამინისტრო, ჯერჯერობით, სააკაშვილის მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანას თანხმდება. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შესაძლოა ხელისუფლებამ იმიტირებული ბუნტი მოაწყოს, რასაც სააკაშვილის ლიკვიდაციაც მოჰყვეს. 

"ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, თითქოს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, არის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. სინამდვილეში, პირიქით, აქ გადაყვანა იქნება უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს იქნება იმიტირებული დღეს მოქმედი ხელისუფლების მიერ, იქნება იმიტირებული ბუნტი და ეს დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. ასეთი ინფორმაცია გვაქვს და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ მათ შორის, უსაფრთხოების პრობლემების გამო მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება, გადაყვანილ იქნას ციხის სტაციონარში. 

  • მოვითხოვთ, მიმდინარე საათებში დაუყოვნებლივ გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო. 
  • [ეს საკითხი] გადაწყვეს არა მხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატების მონაწილეობითაც (ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, ეს არის უფლებრივი საკითხიც). 
  • ვთხოვთ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს როგორც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგი, არამედ შეამოწმოს ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც გუშინ კონსილიუმმა წარმოგვიდგინა. 
  • მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გააკეთოს განცხადება და ცალსახად თქვა,ს კი ან არა - შეიძლება თუ არა სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში. ჩვენი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ექსპრეზიდენტის ციხის კლინიკაში გადაყვანა". - ამბობს ნიკა გვარამია. 

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 24-ე დღეს სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბრობენ როგორც მისი პირადი ექიმი, ისე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილიუმის წევრები. 

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ ის გუშინ, 23 ოქტომბრის საღამოს მოინახულა, შემდეგ კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. ყოფშიძის თქმით, ამაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც იკრიბება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება. 

იუსტიციის მინისტრმა კი განახადა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იტყუება. 

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ". - დაწერა რატი ბრეგაძემ ფეისბუქზე. 

თუმცა, იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, ადასტურებს კონსილიუმის წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავაც. 

"დავუწერეთ, რომ უნდა იყოს მრავალპროფილური კლინიკა, სადაც იქნება სადიაგნოსტიკო საშუალებები და იქნებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, ვინაიდან დგება ისეთი მომენტი, ჩნდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც შემაშფოთებელია და საჭიროებს ჩარევას". - ამბობს ის ტვ პირველთან. 

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება სისხლისსამართლებრივად დევნის, საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებამდე, დილით, მან თქვა, რომ ბათუმშია. 

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 24 დღეა, შიმშილობს. 


close დახურვა