logo
ENG



ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, თიანეთში გზა დაუთმოს ქართული ოცნების კანდიდატს

24 ოქტ 202114:55
3 წუთის საკითხავი
clock 844

ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, გზა დაუთმოს მმართველი პარტიის კანდიდატს და "ნუ დაასხამს წყალს ნაციონალების წისქვილზე". 

პრემიერმინისტრის აზრით, რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციონერი მერის არჩევა თავად ამ რეგიონისთვის იქნება ცუდი, ვინაიდან არ შედგება კოორდინაცია ცენტრალურ მთავრობასთან. 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, თამაზ მეჭიაურმა 4 წლის წინ თიანეთში დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა, შემდგომში, ეს 4 წელი არასტაბილურობა იყო. 

პრემიერმინისტრის შეფასებით, ოპოზიციონერ მერთან მუშაობა წარმოუდგენელია, ვინაიდან ის მუდმივად ჯიბრში ჩაუგდება ცენტრალურ ხელისუფლებას. 

"თიანეთში ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, იყო მუდმივი დაძაბულობის და საბოტაჟის კერა და მიზეზი. 

ამიტომ, ჩვენ ახლა, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს. ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები. ვერც ერთ ქალაქში ისინი ვერ იმარჯვებენ, ეს ვიცით წინასწარ. საჭიროა მეტი კოორდინაცია, მუშაობა, სამხარეო ადმინისტრაციასთან, ცენტრალურ მთავრობასთან. 

როგორც წარმოგიდგენიათ, მერი იყოს ოპოზიციონერი, მუდმივად ჯიბრში ედგას ცენტრალურ ხელისუფლებას. თიანეთში საკრებულოს უმრავლესობა ჩვენ ხელშია. სხვა მუნიციპალიტეტებსაც ეხება ანალოგიურად საბოლოო ჯამში, ეს შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

თამაზ მეჭიაურმა ღარიბაშვილის განცხადების პასუხად თქვა, რომ თავისი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. 

თიანეთის მერის არჩევნებში მეორე ტურია. თამაზ მეჭიაურმა ხმების 30.095% მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა - 43.201%.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების მთავარი ბარიერი ნაციონალური მოძრაობაა, თუმცა, მისი სიტყვებით, "მათი დესტრუქციული ლიდერი ციხეშია და დიდხანს იქნება ციხეში". 

ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების გაზრდას გეგმავს. თუმცა, მისი განცხადებით, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება იქნება შემაფერხებელი ფაქტორი და ნაკლები მოტივაციის მიზეზი. 

ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე მუნიციპალიტეტებს სტუმრობს და ყველგან ამბობს, რომ ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვება დაუშვებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვერ შედგება კოორდინაცია მუნიციპალიტეტს და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.


close დახურვა