ქართული ოცნების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე მეტი კვლავ ნაციონალურ მოძრაობასა და წინა ხელისუფლებაზე ილაპარაკა.
პრემიერმინისტრის სიტყვაში აქცენტი ოპოზიციური პარტიის ლანძღვასა და ბიძინა ივანიშვილის ქებაზე გაკეთდა.
"დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს, სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა.
2012 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა.
ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება
ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით, პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე, ყველა მიმართულებით, სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა, ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას და რაც მთავარია, ხელისუფლება ემსახურება ხალხს
დღეს, ჩემო ძვირფასებო, აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგანაც წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა: ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ტერიტორიების 20%, მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია.
ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორზეც დემოკრატიაა. ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე. დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, მაგრამ წარსულის გახსენება და შეხსენება მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია. უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ და რა გზა გამოვიარეთ. აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის გამოუსწორებელი შეცდომები - სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა.
ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა. დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის შემოქმედები: ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები.
სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. 1-ლ ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში.
ადრე თუ გვიან სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას
მივესალმები ჩვენს ღირსეულ, ამაყ, თავისუფლების მოყვარულ და დაუმარცხებელ ქართველ ხალხს, მივესალმები სრულიად საქართველოს!
აქვე, არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, როგორი დანაშაულებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი. ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე, როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს. ჩვენ არ მოვექეცით და არ მოვექცევით მაგათ ისე, როგორც მტრებს, როგორც თავად ექცეოდნენ ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში. ჩვენ მათ ჩვენი ღირსებით, მაგრამ მკაცრად და სამართლიანად ვაგებინებთ პასუხს.
დაე, ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება.
დღეს, აქ შეკრებით ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, ქართველი ხალხის, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, დაასრულებს ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს.
რამდენიმე დღეში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის.
ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს, რომ დარჩენილი 20 მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ბოიკოტი, ქაოსი და არეულობა - თუ ჰუმანური, დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, რესურსი, ჩვენი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება?! აი, ამ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს.
რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.
ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება მოქალაქეებს აქციაზე მისვლისთვის 40-50 ლარს უხდის.
ოცნების აქციის გამო წინასწარ გადაკეტეს თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები.