logo
ENG



ადვოკატი სააკაშვილზე: სისუსტე ძლიერდება, გადაადგილება უჭირს, რადგან გადასხმაზეც უარს ამბობს

28 ოქტ 202112:17
3 წუთის საკითხავი
clock 867

ადვოკატი გიორგი გელხაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა გართულდა, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა ანალიზების ჩატარებაზე უარი თქვა. 

ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილს გადაადგილება უფრო მეტად უჭირს, რადგან გადასხმებსაც არ იღებს და შესაბამისად, ვერ არკვევენ, სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა.

"ანალიზებს აღარ იკეთებს, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაც რთული გახდება, სისუსტე ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, თუმცა შემდეგ გადასხმებით უკვე ეს დარეგულირდა და დაბალანსდა. დღეს უკვე ამას ვეღარ ვიგებთ იმიტომ, რომ ანალიზებზე უარს ამბობს და აქედან გამომდინარე, გაურკვეველ ვითარებაში ვვარდებით, სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთაა თუ არა. სისუსტე ძლიერდება, გადაადგილებაც, ბუნებრივია, უჭირს, იმიტომ, რომ ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება", -თქვა გელხაურმა

გუშინ, 27 ოქტომბერს, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ.  ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე. 

"უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა, რეანიმობილის ბრიგადების მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრების ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება", - ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 28 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 


close დახურვა