logo
ENG



"დაგამთავრებ, ბიჭო" - ზუგდიდში ფორმულას ჟურნალისტს ოცნების კოორდინატორები დაუპირისპირდნენ

30 ოქტ 202112:27
3 წუთის საკითხავი
clock 1132
2021/10/30/wdpxgzdd9pwa7hp.png

ზუგდიდში, ფორმულას ჟურნალისტ დავით მანიას ქართული ოცნების კოორდინატორები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

საარჩევნო უბანთან მყოფ ოცნების კოორდინატორებს ხელში ამომრჩევლების სიები ეჭირათ, რაზეც დავით მანიამ ჰკითხა, თუ რა მონაცემები ჰქონდათ მათ. ამ კითხვამ ოცნების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. 

"დაგამთავრებ ბიჭო", - მიმართავდნენ ისინი ჟურნალისტს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე იყო პოლიცია, რომელსაც კოორდინატორების ქმედებებზე რეაგირება არ ჰქონია. 

ფორმულას გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ მარტვილშიც. 

31-ე უბანზე ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა. 

"გადააგდე, თორემ გადაგატეხავ თავზე!" - ყვიროდა ახალგაზრდა კაცი. 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. 

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს. 

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.


close დახურვა