logo
ENG



ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია

01 ნოე 202118:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/01/wqza5jc4cy4llit.jpg

ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. 

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალა პანსიონში მოთავსებული შშმ ბავშვების დაუყოვნებელი, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, გამოყვანა და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლში) ან ოჯახებში დაბრუნება.

PHR-ს ცნობით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მოთავსება ბავშვთა სახლში (ინსტიტუციაში) წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, რომელიც მთავრობამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ბავშვზე ზრუნვის ყველა შესაძლებლობა ნაცადი და ამოწურულია. ამიტომ ბავშვები ასეთ დაწესებულებაში მხოლოდ მინიმალური დროით შეიძლება დარჩნენ.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით აკრძალულია ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურო ძალადობა, ჩაგვრა, იძულება წამება და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმის გამოყენება. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვების დასაცავად, შექმნას ძალადობის შეტყობინების, გასაჩივრების, რეფერირების და გამოძიების ეფექტური მექანიზმები. ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და უფლებების აღდგენისთვის საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

პალატის მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი შშმ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სწრაფი რეაგირების აუცილებლობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 05 ივნისის დროებითი განჩინება.

სისხლის სამართლის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს პანსიონატში ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და PHR აგრძელებს ბავშვების და ყოფილი აღსაზრდელების უფლებების დაცვას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფოს ბავშვების გამოყვანა დაავალა, საქართველოს საპატრიარქოს ქ. ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 14 ივნისს გაასაჩივრა.

მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას პანსიონში შეშვებაზე უარი განუცხადეს. 

პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა