პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.
პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ სააკაშვილის გადაყვანის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციაა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები გლდანის ციხის საავადმყოფოში მალე მივლენ და მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ნინო ლომჯარიას პენიტენციურ სამსაახურში არ უდასტურებდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხეში გადაყავდათ.
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანეს.
სააკაშვილი 39-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია. დღეს ექიმთა კონსიულიმმა რეკომენდაცია გასცა, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.