logo
ENG



5 ივლისს თბილისი პრაიდი რუსთაველზე "ღირსების მარშს" გამართავს

04 ივნ 202114:39
3 წუთის საკითხავი
 

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან, ხოლო პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით, პრაიდის კვირეული გაიმართება. 

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა! ჩვენ, ქვიარ ადამიანების დედები ვამაყობთ ჩვენი შვილებით და ვერთიანდებით მათ მხარდასაჭერად. გვარდარდებს ჩვენი შვილების მომავალი და გული შეგვტკივა იმ უსამართლო გარემოზე, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ხმაც გავაგონოთ საზოგადოებას და სახელმწიფოს!  

ამავდროულად, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვიაზრებთ, თუ როგორ გვაზიანებს მთელს საზოგადოებას ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, პოლარიზაცია და სიძულვილი. ჩვენი გახლეჩვა და დაპირისპირება მხოლოდ იმ უსამართლო სისტემას კვებავს, რომელშიც ვცხოვრობთ. არსებული სისტემით მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფები სარგებლობენ, უმრავლესობა ჩვენგანი კი ვკარგავთ თავისუფლებას, ვსუსტდებით როგორც საზოგადოება და ვცხოვრობთ ისეთ პირობებში, სადაც მუდმივად გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა.

მოქალაქეებმა და სოციალურმა მოძრაობებმა არაერთხელ შევძელით მობილიზება, სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში. ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის საჭიროებებს და ვზრუნავთ, რომ ერთად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. ახლა დროა, მთელი საზოგადოება გავერთიანდეთ და ერთად შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.

ჩვენ გვჯერა, რომ გამოსავალი სოლიდარობაშია! ამიტომ, ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!", - წერია პრაიდის განცხადებაში. 

მარშის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ: უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება; Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი; დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.


close დახურვა