logo
ENG



5 თვის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16 სექ 202216:45
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი თვის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

დაცვის მხარე ითხოვდა, რომ გზირიშვილისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირება მომხდარიყო, რადგან ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. კერძოდ, ადვოკატი ითხოვდა 109-ე მუხლის 108-ე მუხლით შეცვლას, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, როგორც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სხდომაზე განაცხადა, გზირიშვილი უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა, თუმცა ვინაიდან ის იყო შეზღუდული შერაცხადობის პირობებში, გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.

თავად გოგა გზირიშვილი თავს ბრალდებულად ცნობს. 

2021 წლის 24 დეკემბერს გოგა გზირიშვილს პატიმრობა შეეფარდა და მისი მსჯავრის მოხდის ათვლა ამ თარიღიდან დაიწყო. 

მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. კაცი მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

 


close დახურვა