logo
ENG



6-ეტაპიანი გეგმა და გაკოტრების საფრთხე - რა რეგულაციების დაცვა მოუწევს ბიზნესს

02 მაი 202019:46
3 წუთის საკითხავი
 

ბიზნესის სექტორს, რომელსაც მუშაობის განახლება უნდა, მკაცრი რეგულაციების დაცვა მოუწევს. დეტალურად გაწერილი პროცედურის დაცვა სავალდებულოა თანამშრომლებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც. თუკი მრავალკვირიანი იზოლაციის შემდეგ, მაგალითად, სილამაზის სალონში წასვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ, პირველ რიგში, იქ ტემპერატურა უნდა გაგიზომონ.

უკონტაქტო თერმომეტრები, ორმეტრიანი დისტანცია სტილისტებს შორის, დამცავი ფარები, დეზობარიერები, მომხმარებლებისთვის მითითება სალონში შესვლისას ხელი დაიბანონ, მხოლოდ 5 ადამიანი ერთ სივრცეში,- ამ წესების დაცვა მოუწევთ სილამაზის სალონების მფლობელებს 8 ივნისიდან.

სავალდებულო რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. 6-ეტაპიანი გეგმის თანახმად, სალონების გახსნა სწორედ ივნისშია დაგეგმილი, თუმცა ამ სფეროს წარმომადგენლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ წესებს ვერ დაიცავენ და გაკოტრდებიან.

მკაცრი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებსაც. გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან უნდა აღდგეს. წესების გამკაცრების გამო სტომატოლოგები მომსახურებაზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ.

რეგულაციების გამკაცრებას აკრიტიკებენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის ექსპერტები. ისინიც მომსახურებაზე ფასების ზრდას ვარაუდობენ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობა 6 ეტაპად აღდგება. თუმცა, როდის განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, ამ დრომდე უცნობია. შესაძლოა, წესები ტრანსპორტშიც მკვეთრად შეიცვალოს და მგზავრებს ჯვარედინად დასხდომის პრინციპის დაცვა მოუხდეთ. 


close დახურვა