logo
ENG



ბრეგაძე: მოხარული ვიქნები, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ დათქმების გარეშე

11 ნოე 202123:16
3 წუთის საკითხავი
clock 4654
ბრეგაძე: მოხარული ვიქნები, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ დათქმების გარეშე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს, ოღონდ "ყოველგვარი დათქმების გარეშე". 

ბრეგაძეს სჭირდება, "ვინმემ აუხსნას, რატომ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში". 

რუსთავი 2-ის ეთერში მან თქვა: 

ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება. ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, ამიხსნას?". 

მინისტრი ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხეში დაბრუნდება, რადგან "მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს".

ბრეგაძე არ ითვალისწინებს შიმშილობის შემდგობი რეაბილიტაციის სირთულეებს.  

"თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია. ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს". - თქვა მან. 

8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანეს. 

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

ვიდეომასალის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მიათრევს. 8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. როცა ტყუილის შესახებ შეიტყო, ექსპრეზიდენტმა რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა. 

ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 42 დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს. 


close დახურვა