ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის ჯარის უჩვეულო გააქტიურებით უკრაინის საზღვართან და ამბობს, რომ რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს უკრაინის მიმართ 2014 წლის ქმედებები გაიმეოროს.
CNN-ის ინფორმაციით, ბლინკენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც 1 კვირის წინ რუსეთის თავდაცვის სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურის დირექტორთან, ბილ ბერნსთან, შეხვედრისას არც უარყო, რომ მოსკოვს სამხედროები საზღვრის მიმდებარედ გადაჰყავდა და არც რუსეთის ამ ქმედებების შესახებ ამერიკის შეშფოთება გააქარწყლა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი კულებასთან და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამერიკა შეშფოთებულია რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობების შესახებ ცნობებით და ახლოდან აკვირდება რუსეთის ქმედებებს.
„ჩვენ გვაშფოთებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უშვებდეს სერიოზულ შეცდომას იმის განახლებით, რაც 2014 წელს გააკეთა, როცა საზღვრის პირას ძალები მოაბილიზა, შეიჭრა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე ცრუ მიზეზით, რომ ეს უკრაინისგან პროვოცირებული იყო“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობის შესახებ განაცხადა, რომ წარსულის გამოცდილებით, რუსეთის სამოქმედო გეგმა, იმ ქმედებების რაციონალურ მიზეზად, რის გაკეთებასაც აპირებდა და გეგმავდა, უკრაინის მხრიდან პროვოცირების დასახელებაა. ამ ყველაფრის გამო ამერიკა პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
ამერიკელმა დიპლომატმა ხელახლა დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენულობისა და დამოუკიდებლობის მიმართ.
ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ პოსტში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკას მხარდაჭერისა და სიტუაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია რუსი სამხედროების აქტიურ გადაადგილებაზე უკრაინის საზღვრის გასწვრივ და მათ რაოდენობრივ ზრდაზე. ჩვენ ამ ინფორმაციისთვის ჩვენი პარტნიორების მადლიერნი ვართ. ეს უკრაინისადმი მათი მხარდაჭერის დასტურია“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკი იმეორებს ბლინკენის კომენტარებს რუსეთის მოქმედების სტილთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთის ბრალდებები უკრაინის მიმართ ტყუილია.
„რუსეთის მხრიდან ჩვენ გვესმის ბრალდებები, რომ უკრაინაა ის, ვინც აჭიანურებს მშვიდობიან პროცესს... მე იმედი მაქვს რომ ახლა მთელი სამყარო ნათლად ხედავს, ვის უნდა სინამდვილეში მშვიდობა და ვინ კრებს თითქმის 100 000 სამხედროს ჩვენს საზღვართან“, - წერია ზელენსკის განცხადებაში.
CNN-ისთვის უცნობია ახლად მობილიზებული რუსული ძალების ზუსტი რიცხვი. ერთ-ერთი საჯარო პირის ინფორმაციით, ბოლო კვირებში ამ არეალში სამხედროთა რიცხვი 2/3-ჯერ გაიზარდა.