logo
ENG



კრამერი: დროა აშშ და ევროპა ხისტი გახდეს საქართველოს მიმართ

12 ნოე 202119:20
3 წუთის საკითხავი
 
thehill.com

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ონლაინ გამოცემა The Bulwark-ზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - დროა აშშ და ევროპა ხისტი გახდეს საქართველოს მიმართ.

დევიდ კრამერი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობამ თავადვე გამოაქვეყნა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ არაჰუმანური მოპყრობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი კადრები.

"გუშინ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორც არაჰუმანურად, შეურაცხმყოფელად და სასტიკად ექცევა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხელმძღვანელობა. ნება მომეცით გავიმეორო: საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომ მათ დაარღვიეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადამიანური უფლებები." - წერს კრამერი

კრამერი წერს, რომ ყველა ვინც პასუხისმგებელია სასტიკ მოპყრობაზე და კადრების გავრცელებაზე დაუყონებლივ უნდა გადადგეს, ასევე, გადადგებიან თუ არა ისინი, ნებისმიერ შემთხვევაში მათ დასავლეთმა სანქციები უნდა დააკისროს.

"სანქციების სიის თავში უნდა იყვნენ საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ბოსი ბიძინა ივანიშვილი, ეს უკანასკნელი ანადგურებს საქართველოს დემოკრატიას სახელმწიფოს მიტაცებით, სასამართლო სისტემის კორუფციით და მოსკოვთან პირმოთნეობით, რაც სხვათა შორის, ექსპლუატაციაა სააკაშვილისადმი მოპყრობის და აჩვენებს, რომ მსგავსი რამ შეიძლება დაემართოს ყველას, ვინც დაუახლოვდება ევროკავშირსა და აშშ-ს" , - წერს დევიდ კრამერი.

კრამერის თქმით გუშინ გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ სააკაშვილს ჩაგრავდნენ ფიზიკურად და სიტყვიერად, მას შემდეგ რაც ის ხანგრძლივი შიმშილობის მერე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კრამერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციულ სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობის უფლება უნდა მისცეს და სიტუაციის განსამუხტად ის უკრაინაში დააბრუნოს.

"სააკაშვილი არ არის წმინდანი და მან სერიოზული შეცდომები დაუშვა 2007-2008 წლებში, თუმცა ის დაეხმარა საქართველოს გარდაქმნილიყო იმედისმომცემ, დასავლეთზე ორიენტირებულ, ახალგაზრდა დემოკრატიად და სწორედ ამიტომ, საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისგან წინ წამოიწია" - წერს კრამერი.

კრამერი ასევე წერს, რომ სააკაშვილისადმი მოპყრობა საქართველოს მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ნაწილია, რადგან ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე დააკავა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელიაც. კრამერის თანახმადვე, ამის შემდეგ ღარიბაშვილმა პროვოკაციული დაჯგუფებები ლგბტ თემის მარშის დარღვევისკენ წაახალისა, რასაც ჟურნალისტებზე თავდასხმა და ერთი ჟურნალისტის სიკვდილი მოჰყვა.

კრამერი წერს, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ირაკლი ღარიბაშვილი და საიდუმლო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელს უშლიან და რამდენიმე არჩევნები დემოკრატიულისგან შორი სტანდარტით ჩატარდა. კრამერი ხაზს უსვამს იმასაც, რომ აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი, ლუბოვ სობოლი.

კრამერის თქმით დასავლეთი დაუყონებლივ უნდა ჩაერიოს და მტკიცე ნაბიჯები გადადგას.

"დასავლეთმა ნაბიჯი უნდა გადადგას და თანაც ძალიან სწრაფად, სააკაშვილის მიმართ მოპყრობა უნდა დაიგმოს და ის უკრაინაში უნდა დააბრუნონ. ასევე სანქციები უნდა დაეკისროს სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლებს და მიზანში უნდა იყოს ამოღებული ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქართულ დემოკრატიას ისეთი ზიანი მიაყენა, რომ თაობების გამოცვლა დასჭირდება მის ხელახლა აშენებას" - წერს დევიდ კრამერი.

აღსანიშნავია, რომ სტატიის ბოლოს კრამერი შენიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩაგვრა მოხდა მალევე, მას შემდეგ რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველო დატოვა - "მისი ვიზიტიდან ასე მალე სიტუაციის წახდენა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის შეურაცხყოფა" - წერს კრამერი. 

დევიდ კრამერის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საქართველოზე და ახლა ბოლო დროა, როცა მათ უნდა იმოქმედონ ერთად.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

 

close დახურვა