logo
ENG



ოპოზიცია ზოგიერთ ოლქში არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს

13 ნოე 202114:21
3 წუთის საკითხავი
clock 1127
2021/11/13/vmlbdrkxpeab57n.png

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ხმაურის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 

სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე უსმენენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ზოგიერთ ოლქში არჩევნების შედეგების გაბთილებას ითხოვენ, შენობის გარეთ საპროტესტო აქცია ტარდება.

ადგილზე ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ცესკოს გაყალბებაში ადანაშაულებენ. 

"ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება. აქ არჩევნებს აყალბებენ, იპარავენ. ჩვენი ხმის უფლებას იპარავენ, საარჩევნო უფლებას იპარავენ. ამ ხელისუფლების და კომისიის ეს მანკიერი ქმედებები უნდა დავასრულოთ". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტიტე გედენიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს სხდომას - ენმ-ის კანდიდატები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ, შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვენ და შესაბამის არგუმენტებს და მტკიცებულებებს წარადგენენ. 

თუმცა, მანამდე, ენმ-ის წევრმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ სხდომაზე იზა ჩირგაძის საქმეზე ილაპარაკა - ჩირგაძე ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი იყო, რომელმაც 1-ლ ნოემბერს არჩევნების გაყალბების სქემებზე ილაპარაკა. ამის გამო მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა იყო. ენმ-ის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 2 დღის განმავლობაში მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. 

დეკანოიძის თქმით, ჩირგაძე ახლაც ზეწოლის ქვეშ არის. მან კალანდარიშვილს ჰკითხა, დაინტერესდა თუ არა მისი ადმინისტრაციის წევრის მდგომარეობით. 

პასუხად ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ დეკანოიძემ შემაჯამებელ ოქმებზე უნდა ილაპარაკოს და არა "ვიღაც პირის" გატაცებაზე. 

ხატია დეკანოიძემ ისაუბრა კოვიდ უბნებზე, სადაც ხმების უმეტესობა ქართული ოცნების კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო. ენმ-ის წევრის თქმით, ასეთ სპეც უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაცული არ არის და მმართველი პარტიის წარმომადგენლის გამარჯვების მიზეზიც მხოლოდ ეს არის. 

"მოვითხოვ, ყველა შემაჯამებელი ოქმი გაუქმდეს და ქუთაისის შედეგები იყოს ბათილად გამოცხადებული. ის არგუმენტაცია, რაც მე მოვიყვანე, საკმარისზე მეტია". - თქვა დეკანოიძემ

რაც შეეხება ბათუმის მერობის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს - მან თქვა, რომ ცესკოს დამოუკიდებელი წევრები რეალურად ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ და ამისი ფოტო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები არსებობს. 

კირთაძის განცხადებით, მმართველი პარტია ბათუმში აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს. 

არჩევნების დღეს კი იყო დაშინება, ჩხუბი ბათუმის საარჩევნო უბნებზე, ასევე, მისი თქმით, სცემდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე. 

კირთაძემ ილაპარაკა ამომრჩევლის მოსყიდვასა და კარუსელებზე. 

ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატმა ცესკოს სხდომაზე ასევე წარადგინა იმ ბიულეტენების ასლები, რომლებზეც ღიად არის გამოხატული ამომრჩევლის ნება მის სასარგებლოდ, თუმცა, კომისიამ ისინი გაურკვეველი არგუმენტებით მაინც გააბათილა. 

მსგავსი არგუმენტებით შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვს ენმ-ის თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველიც. მისი თქმით, თელავში სისტემური პრობლემები გამოიკვეთა, რაც შედეგების გაუქმების საფუძველია. 

შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე. მისი თქმით, ერთ-ერთი დარღვევა, რაც რუსთავის ერთ-ერთ უბანზე გამოვლინდა, ის იყო, რომ რეგისტრატორი - კომისიის დამოუკიდებელი წევრი, შეგნებულად არ აწერდა ხელს იმ ბიულეტენებს, რომლებსაც, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ამომრჩევლებს აწვდიდა. 

შედეგების გაბათილებას ითხოვს მარტვილის მერობის კანდიდატი, თეიმურაზ ჯანაშია. მისი თქმით, ცესკოს არ ენდობა და დღევანდელი სხდომაც ფორმალობაა, ამიტომ, შეხვედრა დატოვა. 

შედეგების გაბათილება მოითხოვა ენმ-ის ხობის მერობის კანდიდატმა, ბესიკ შენგელიამ

არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია. მისი პოზიცია სხდომაზე ანა წითლიძემ გაახმოვანა. მისი თქმით, ზუგდიდის ოლქის შედეგები უნდა გაუქმდეს, რადგან ის გაყალბდა შემდეგი მიზეზების გამო: 

"ცესკო უფლებას არ აძლევდა საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს, ხელი მოეწერათ იმ ოქმებზე, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებული იყო ოპოზიციის კანდიდატი. 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კოდექსი დაარღვია, როცა დამოუკიდებელი წევრის ნაცვლად ქართული ოცნების აქტივისტები დანიშნა. მაგალითად: რამინ ხუფენია იყო ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი და ის საოლქომ პროფესიული ნიშნით დანიშნა. 

რატომ მოხდა, რომ ზუგდიდის 33 უბანზე არ არის ვიდეოგადაღება? 

ის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც წარმოადგინა საოლქო საარჩევნო კომისიამ, არ არიხ ხალხის ნების გამოხატულება, ის არის კანონიერი ქურდების და ძველი ბიჭების მიერ ჩატარებული არჩევნები, რომელსაც თქვენ დანაშაულებრივად უფორმებთ ქართულ ოცნებას". - თქვა ანა წითლიძემ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური 30 ოქტომბერს, საქართველოს 20 ოლქში გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ყველა ქალაქის და თემის მერი ქართული ოცნების წარმომადგენელი გახდა. გამონაკლისი მხოლოდ წალენჯიხაა, სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. 


close დახურვა