ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა იმ საშინელი ფილმით, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ, ცენტრალური აზიის დესპოტურ რეჟიმებს ემსგავსება.
ტოომას ილვესის თქმით, საქართველოს მთავრობას არ ადარდებს არც დასავლური, არც ევროპული და აღარც ქართული სტანდარტები.
"საქართველო მსგავსი ინციდენტებით და საშინელი ფილმით, რომელშიც ჩანს მიხეილ სააკაშვილისადმი სასტიკი მოპყრობა, ცენტრალური აზიის დესპოტიების გათელილ გზას ადგას. მათ არ ადარდებთ დასავლური და ევროპული სტანდარტები და ცხადია, რომ აღარც ქართული. ეს საქართველოს არჩევნია." , - წერს ტვიტერზე ტოომას ილვესი.
Georgia, with incidents like this and with the horrific film of abuse of president Saakasvili, is going down the well-trodden road of Central Asian despotisms. They don't care about Western or European norms, nor does Georgian anymore apparently.
Georgia's choice of course. 1/2 https://t.co/43z38zAtSb
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა.
8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს.
გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.
ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის.