ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველი გუნდის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქართული ოცნების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა.
როგორც მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ღიად თქვა, რომ დასავლეთთან კავშირს წყვეტს.
"ირაკლი კობახიძის განცხადება არის ღია დეკლარაცია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა. ამ რეჟიმმა დღეს უთხრა ყველა ჩვენ ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორს, და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ქომაგობენ ქართული დემოკრატიის დემოკრატიას, რომ ამიერიდან, ყველა თქვენგანი, ვინც ჩათვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს პოლიტიზებული და მიკერძოებული, ვიტოვებთ უფლებას, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთ.
ყველა ადამიანიო, ვინც თვლითო, რომ ქართულ ოცნებას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, ვიტოვეთ უფლებას, რომ ჩავთვალოთო, რომ თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებიო. ეს არის განცხადება, რომელიც გაავრცელა კობახიძემ რეჟიმის სახით, სინამდვილეში რუსების დავალებით. ამიტომ არაფერი განსხვავებული არ ხდება იმისგან რაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინ უკრაინამ და რაც იკადრა იანუკოვიჩმა. კარგად გვახსოვს როგორ დაასრულა. აქ არის ცივილიზაციური არჩევანი გასაკეთებელი. მეტი რა უნდა გვითხრას რეჟიმმა - ღიად გვითხრა, რომ ვწყვეტ კავშირს დასავლეთთანო", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა აჩვენონ, რომ საქართველოს მეგობრები არიან და არა - მიხეილ სააკაშვილის. მმართველი გუნდის ლიდერი Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ "საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს", ან ხელისუფლებას მოუწევს მათ "კრიმინალების მფარველები" უწოდონ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ნაციონალური მოძრაობის ლობისტია. კობახიძის მტკიცებით, ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ.