მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საქართველოში ბრუნდება და შიმშილობას იწყებს.
როგორც ის Facebook-ზე წერს, მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
"მეგობრებო, მე ვიმყოფები უცხოეთში და იმ საშინელების ყურება, რაც საქართველოში ხდება აქედან კიდევ უფრო რთულია. ამიტომ გადავწყვიტე, ხვალ წამოვიდე და ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგე ამ მძიმე ჟამს. თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის, რაც ხდება, რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი.
ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი! ხელოვანებო, ჩემო კოლეგებო, მწერლებო, მხატვრებო, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შემომიერთდით, თავისუფლება და მოყვასის სიყვარული ის მთავარი ფასეულობებია, რაც ოდითგან გვაერთიანებდა ყოველ ჩვენგანს! ჩვენ ვერ გავხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილენი!" - წერს ბურჭულაძე.
სააკაშვილი 45-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, დღეს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა.