მიხეილ სააკაშვილს არც ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესს დაასწრებენ.
პენიტენციური სამსახური კვლავ შესაძლო დესტრუქციაზე ლაპარაკობს და იგივე არგუმენტები მოჰყავს, რითიც 10 ნოემბერს, 7 ნოემბერს სასამართლო პროცესზე არგადაყვანა დაასაბუთა.
უწყება კვლავ ამბობს, რომ "იგეგმებოდა სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების პირადი მანქანების საშუალებით.
მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს".
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სუს-ი გამოძიებას აწარმოებს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებას გულისმხობს და აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაყვანის დროს სწორედ ეს შეიძლება მოხდეს.
პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, იგივე შეიძლება განმეორდეს ექსპრეზიდენტის სასამართლოს შენობაში გადაყვანის დროსაც.
"აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის". - აცხადებს უწყება.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა.
მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა საშუალება, 10 ნოემბერს დასწრებოდა 7 ნოემბრის საქმის განხილვას. მოსამართლემ მას არც დისტანციურად და ტელეფონით ჩართვის უფლება მისცა. სხდომაზე არ შეუშვეს ექსპრეზიდენტის 2 ადვოკატი.