ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სახალხო დამცველის შესახებ და "მიუღებელს უწოდებს" მასზე თავდასხმას.
ორგანიზაცია ხელისუფლებას უფლებადამცველი ინსტიტუტების შეუფერხებლად მუშაობის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს ომბუდსმენზე თავდასხმა, როცა ის ადამიანის უფლებებს იცავს, მიუღებელია. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების საქმიანობა. ასევე უნდა განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რომ უპირატესობა მიენიჭოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას" - წერია ორგანიზაციის ტვიტერის გვერდზე.
დღეს, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა არის "ფეიკი" და თუ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას განვითარდება ის სცენარი, რომლისაც, კობახიძის თქმით, მათ ეშინიათ, ამას შესაძლოა მოჰყვეს ომბუდსმენის და ექიმების "პირდაპირი პასუხისმგებლობა".
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსილიუმის დასკვნა უნდა მომზადებულიყო არა შიმშილობის, არამედ შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით აღარ შიმშილობს და მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოტივით აგრძელებს შიმშილობას.