სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაჰყავთ, გლდანის ციხე სასწრაფო დახმარების მანქანებმა დატოვეს, მათ მოჰყვებოდა რამდენიმე ავტომობილიც.
სასწრაფო დახმარების მანქანების გამოჩენამდე, ენმ-ს წევრმა გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ სააკაშვილი ფიზიკურად მზად არის გადასაყვანად და მთავარია მისი ერთი წერტილიდან მეორეში უსაფრთხოდ მიყვანა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დღეს დასთანხმდა.როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, მესამე პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრის შეთავაზება მიიღო.
იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაყვანა შესთავაზეს, ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად".
17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს სხვა პოლიტიკოსებმა, ასევე დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა.