თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია პირველს პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. ტელეკომპანია გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დავა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, გელა კვაშილავას და ტელეკომპანიას შორის მიმდინარეობდა.
შსს-ის ცნობით, საქმე 2021 წლის 30 იანვრის სიუჟეტს ეხება, როცა ტვ პირველმა განაცხადა, რომ შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურს, გელა კვაშილავას ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ გადაჰქონდა და მისი ფოტოც გამოაქვეყნა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლახავდა პატრულ-ინსპექტორის ღირსებას და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია პირველს დაავალა პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შაბათის გადაცემის ეთერში სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება.
"სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კვაშლავას ინტერესების დამცველის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად სცნო, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია პირველმა კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში". - აცხადებს შსს.
ნოდარ მელაძე წერს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მისი თქმით, მოწმემ ცრუ ჩვენება მისცა.
"ცრუ მოწმე, ქეთევან კოვზიაშვილის ჩვენების საფუძველზე, მოსამართლე, ირაკლი ხუსკივაძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამრთლოში მოსამართლედ ერთი წლის წინ გაამწესეს, გადაწყვეტილება ტვ პირველის წინააღმდეგ მიიღო!
1. ცრუ ჩვენებისთვის ქეთევან კოვიზიაშვილს ვუჩივლებთ საქართველოს პროკურატურაში, აღნიშნული დანაშუალის ხანდაზმულობის ვადა 6 წლია. სულ რომ 6 წელი გავიდეს ის აგებს პასუხს!!! ამით შეიქმნება პროცედენტი, რომ პრესმდივანი ჟურნალისტების წინააღმდეგ, საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების ან/და ხელმძღვანელი პირის დავალებით ცრუ ჩვენების გამო დაისჯება!
2. გადაწყვეტილება რა თქმა უნდა გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში! ჩვენს მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მედიამ გამოიყენა ინფორმაციის გადამოწმების უმაღლესი სტანდარტი რაც არ გაითვალისწინა მოსამრთლემ.
3. მობილური სატელეფონო ანძების ამონაწერით დგინდება, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში პოლიციის თანამშრომლის მობილურ ტელეფონს ვერც ერთი ანძა ვერ იღებდა ანუ იყო გათიშული, ანძების ამონაწერი ვერ იქნება დადასტურებული პოლიციელის ადგილსამყოფელი და მოსამართლე მხოლოდ ცრუ მოწმის ჩვენებას დაეყრდნო.
4. არსებობს ჩვენს მიერ ჩაწერილი დედის ვიდეოინტერვიუც, სადაც ის ამბობს რომ სავარაუდო დანაშაულის მომენტში მისი შვილი სახლში არ იყო. არადა თავად სასამართლოში ამტკიცებდა, რომ სახლში იყო!
5. შს სამინისტროს წარდგენილი კიდევ ერთი ცრუ მოწმის შესახებ, ახლა მივიღეთ ახალი მტკიცებულებები, რაც წარდგენილი იქნება სასამრთლოში", - წერს მელაძე Facebook-ზე.