logo
ENG



DRI: აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ქონების და მიწების რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვას გეგმავს

20 ნოე 202112:23
3 წუთის საკითხავი
 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ფართომასშტაბიან პრივატიზაციას გეგმავს.

ორგანიზაციის ცნობით, საუბარია ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სხვა უძრავი ქონების რუსულ ბიზნესსა და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვაზე - საქმე ეხება 250 ათასზე მეტი ეთნიკურად ქართველის პირად ქონებას.

„აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესზე და რუსეთის მოქალაქეებზე.

უძრავი ქონების დიდი ნაწილი აფხაზეთში უპატრონოდაა მიტოვებული. 250 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის პირადი ქონება მიწის და შენობა-ნაგებობების სახით რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. თუმცა, გაცილებით მეტი ფასი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწას და საბჭოთა პერიოდის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ექნება.

ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება პრივატიზაციის პირველი ტალღა  დავინახოთ, რითაც, პირველ რიგში, რუსული ბიზნესი და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ეკონომიკური აქტორები იხეირებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიას". - აცხადებს DRI. 

ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ ქონების პრივატიზაციის ამ გეგმას აფხაზეთში მცხოვრებლები ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, ვინაიდან შიშობენ, რომ რუსების მიერ აფხაზეთში საკუთრების შეძენა, უკიდურეს უმცირესობაში მოაქცევს ადგილობრივ ეთნიკურ აფხაზებს.

რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც აფახაზეთის ტერიტორიაზე მიწებს შეიძენენ, "აფხაზეთის მოქალაქეები" გახდებიან. 

პარტია ევროპელი დემოკრატების წევრის, პაატა დავითაიას შეფასებით, ეს ოკუპაციისთვის ახალი ნაბიჯია - რუსეთის მოქალაქეებზე მიწების გაფორმებით რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიას "ოფიციალურად წაიღებს".

საქართველოსთვის ამ პროცესის გაკონტროლება მოცემულ ვითარებაში უკიდურესად რთულია. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, ქვეყანამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი იმ ეკონომიკური აქტორების სანქცირებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების შეძენას გადაწყვეტენ. 


close დახურვა