logo
ENG



შაბათის ფორმულა: ივანიშვილმა 5 436 კვადრატული მიწა მიისაკუთრა, ინვესტიციები არ განახორციელა

20 ნოე 202122:16
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა მტკიცებულება, თუ როგორ მიისაკუთრა ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 5 436 კვადრატული მიწა ჩაქვში.

სავარაუდოდ კორუფციული სქემა/გარიგება ასე ვითარდება - მიწა ჩაქვში პირველ ეტაპზე გადაეცა  კერძო პირს, შემდგომ, როდესაც კომპანია ვერ ასრულებდა ვალდებულებას, მას ჩაენაცვლა შპს სისაიდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა. ხელშეკრულების შესაბამისად, ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო და ჩაქვის ზღვის პირა მიწაზე სასტუმრო უნდა აეგოთ.

სწორედ ამ მიზნით გადაეცა ოლიგარქის კომპანიას ქონება აუქციონის გარეშე, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. მესაკუთრემ ცხადია არ შეასრულა ვალდებულებები, თუმცა ნაცვალად იმისა რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება შეეწყვიტა, ქონება დაებრუნებინა ან ვალდებულებები გადაევადებინა  50 ათასი ლარის სანაცვლოდ, სრულად გაუუქმა ყველა ვალდებულება. ქონება ახლაც გამოუყენებელია. გარდა ამისა, ამ მიწიდან ივანიშვილმა მოჭრა და ბაღში გადაირგო ასწლოვანი ხეები.  

აღსანიშნავია, რომ ვალდებულებების თანახმად, ჩაქვში 4 კოტეჯი, თითოეული 4 სასტუმრო ნომრით, სპორტული მოედანით, კვების ობიექტით და 20 ავტომობილზე გათვლილი სადგომით ჯერ კიდევ 3 წლის წინ უნდა აშენებულიყო.

2016 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების მიხედვით ნაკვეთი სახელმწიფომ ტარიელ ფაღავას 500 000-ლარიანი ინვესტიციისა და დამატებითი 400 ათასი ლარის სანაცვლოდ გადასცა. აღნიშნული თანხა ფაღავამ ბანკი ქართუდან იპოთეკით გამოიტანა.

ფაღავამ ნაკვეთის მიღებიდან დაახლოებით 1 წელიწადში მიწა კრედიტის დაფარვის და კიდეც 70 ათასი დოლარის სანაცვლოდ შპს სისაიდს გადასცა. ამჟამად კომპანიის მფლობელი შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია, მისი მესაკუთრე კი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუა. საბოლოო ჯამში კომპანია დაკავშირებულია ოლიგარქის თანაინვესტირების ფონდთან. 

ტარიელ ფაღავასა და შპს სისაიდს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 3 თვეში გაფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება. ამჯერად შპს სისაიდს და ქონების მართვის სააგენტოს შორის. მის თანახმად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიას მოუხსნეს ყველანაირი საინვესტიციო ვალდებულება და გაათავისუფლეს პირგასამტეხლოსგანაც. ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მსგავსი პირობებით თავდაპირველი საინვესტიციო პირობა შეუცვალა და პირგასამტეხლოსგანაც გაათავისუფლა. 


close დახურვა