ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.
კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.
"ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან სჭირდებოდა 1 ადამიანის გადაყვანა იმისთვის, რომ უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნება. ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, ეს გახლდათ ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ესენი გახლავთ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა უკვე ეს გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და მომაწოდა პირადად მე. აუდიოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდნენ ისინი 100 000 დოლარს ფუტკარაძეს. პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს. ვაჟა თაბაგიძე ამავდროულად არის ზაზა დიასამიძის, ხელვაჩაურის მერის ბიძა, ჩანაწერებში კარგად ისმის, რომ მისი სახელითაც არიან მისულები ბატონ ნუგზართან", - თქვა კირთაძემ.
კირთაძის თქმით, მათი ფრაქციის წევრებზე ზეწოლის შესახებ 5 ნოემბერსაც ისაუბრეს და მოუწოდეს რიჟვაძეებს, ენმ-ს წევრებისთვის თავი დაენებებინათ.
"5 ნოემბერს ჩვენ შევიკრიბეთ, გავაკეთეთ განცხადება და მოვუწოდეთ დათო და თორნიკე რიჟვაძეებს, რომ თავი დაენებებინათ ჩვენი ფრაქციის წევრებისთვის. მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია გვქონდა. ოდნავ მაინც რომ მუშაობდეს ინსტიტუციები, მე დარმწუნებული ვარ, ბატონი ნუგზარი დღეს ჩვენ გვერდით იქნებოდა. ის გარდაიცვალა შაქრის მაღალი დოზით, აწევით, 1 000 დაუფიქსირდა მას სისხლში, რასაც ცალსახად იწვევს ნერვიულობა", - განაცხადა კირთაძემ.
ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.