logo
ENG



ბასილაია: თუ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, მოვითხოვთ, რომ 29-ში პროცესს დაესწროს

25 ნოე 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock 863
ბასილაია: თუ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, მოვითხოვთ, რომ 29-ში პროცესს დაესწროს

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ. 

როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასამართლო პროცესებზე არ ასწრებდნენ, რადგან "მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს თვე-ნახევრის განმავლობაში ემალებოდა"

"10 ნოემბრის პროცესზე, როდესაც მას ჰქონდა ფიზიკურად ძალა და ენერგია, რომ გამოცხადებულიყო, არ მოიყვანეს სრულიად პარტიზანულად, კანონდარღვევით და დაუსაბუთებლად, რაც შეეხება 29 ნოემბრის პროცესს, 29-ში თუ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება და იმედი მაქვს, რომ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო პროცესს დაესწროს", - თქვა ბასილაიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული. 

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. 

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარს ამბობდა, მიზეზად კი "დესტქურციას" ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, მათ სააკაშვილის გადაყვანის პროცესში ხელი შეშლოდათ.

სააკაშვილმა შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, 22 ნოემბერს კი, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტა არის ​იმის საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტი შემდეგ პროცესზე სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ. მინისტრის თქმით, ისინი ამ საკითხზე ექიმების დასკვნას დაელოდებიან.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.

სააკაშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო კვეთისთვის.


close დახურვა