logo
ENG



GMC: ბათუმში, ახალი ბიუჯეტით დაფინანსება ეზრდება ა(ა)იპებს, უფასო სასადილოებს - უმცირდებათ

26 ნოე 202120:40
3 წუთის საკითხავი
clock 1354
2021/11/26/83xtr6loww5m5ki.jpg
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბათუმის ახალი ბიუჯეტით, რომელიც გადარჩეულმა დეპუტატებმა დაამტკიცეს, დაფინანსება 40 მილიონით ეზრდება ა(ა)იპებს, უფასო სასადილოებს კი 79 500 ლარით უმცირდებათ.

"ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით არასამეწარმეო იურიდიულ პირები 134,438,800 მილიონი ლარით დაფინანსდებიან, რაც 2021 წლის ა(ა)იპ-ების დაფინანსების მაჩვენებელს 40,833,000 ლარით აღემატება.

ბათუმის ბიუჯეტის 2022 წლის პროექტის მიხედვით, მცირდება რიგი ქვეპროგრამების დაფინანსება, რომელთა შორის არის, მუნიციპალური უფასო სასადილოები, რასაც  ა(ა)იპ - ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო ახორციელებს და 2021 წელთან შედარებით დაფინანსება 79,500 ლარით შეუმცირდა." - წერს ფლანგვის დეტექტორი.

გარდა უფასო სასადილოებისა, ბიუჯეტის მიხედვით მცირდება ღამის დროებითი თავშესაფრისთვის და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები.

ასევე, იზრდება შრომის ანაზღაურებები სხვადასხვა ორგანოებში, მაგალითად იზრდება ანაზღაურება ბათუმის მერიაში. ხელფასები იზრდება ბათუმის საკრებულოშიც.

"ბათუმის მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იგივე რჩება, თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება - 2021 წელს 170 ადამიანზე  3,488,100 ლარია გათვლილი, მომავალ წელს კი, იმავე რაოდენობაზე 3,836,900 ლარი იქნება.

იგივენაირი ცვლილებაა ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტში, 2021 წელს 43 ადამიანი შრომის ანაზღაურების სახით 1,091,600 ლარს იღებს, ხოლო 2020 წელს ამავე რაოდენობის ადამიანები 1,213,100 ლარს მიიღებენ.

ამასთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა ბიუჯეტის გაზრდისა და განაწილების პროგნოზის 2025 წლის ჩათვლით, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ბიუჯეტი 263,895,600 ლარამდე, ხოლო ხელფასების ოდენობა - 30,177,600 ლარამდე გაიზრდება." - წერს ფლანგვის დეტექტორი

გარდა ამისა, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით,  ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 2021 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით ბიუჯეტი 49 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 254 047 400 ლარს შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმისა და ზუგდიდი საკრებულოებმა პროტესტის ფონზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ძველმა საკრებულოებმა დაამტკიცეს. 

ახალი ბიუჯეტებით ხელფასები გაეზარდათ მერებსა და მათ მოადგილეებს. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ახალ საკრებულოს მიზანმიმართულად არ იწვევენ, რათა ფინანსურ დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ორივე ქალაქის საკრებულოებთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია.

ენმ-ს წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიშიში პოლიციასთან ჭიდაობისას თითი მოიტეხა. 

ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩასაშლელად ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა. სხდომა დროებით შეწყდა. 


close დახურვა