კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელმაც მთავარი არხი 112 000 ლარით დააჯარიმა, ტელეკომპანიას ბულინგსა და მუქარაში ადანაშაულებს.
როგორც კომისიი განცხადებაშია ნათქვამი, მათი გადაწყვეტილება მთავარი არხის დაჯარიმებასთან დაკაბშირებით, "სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს".
"სიცრუეა მთავარი არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მთავარი არხის წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებისა და თანამშრომლების მისამართით გაკეთებული მუქარისა და ბულინგის შემცველი განცხადებები. აშკარაა, რომ აღნიშნული კომისიის თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და კომისიის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მცდელობები, კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს", - ნათქვამია განცხადებაში.
***
25 ნოემბერს მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში "პოლიტიკური რეკლამა" ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განათავსა. მარეგულირებელმა ტელეკომპანიას პოლიტიკურ რეკლამად ჩაუთვალა "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეო "ოცნების" საგარეო კურსზე და კლიპი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე.
ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.
კერძოდ, საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ვიდეორგოლი მოძრაობა სირცხვილიამ განათავსა მთავარი არხის ეთერში. სირცხვილიაში ამბობენ, რომ მათი ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
ასევე, ჯარიმა დააწესეს კიდევ ერთი კლიპის გამოც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.
მარეგულირებლის იურისტმა, თამარ ხუხნიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი არხისთვის აქამდე გამოყენებულ ჯარიმებს პრევენციული ხასიათი არ ჰქონდა.