logo
ENG



პაპუაშვილის თქმით, 5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო

27 ნოე 202110:05
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილის თქმით, 5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო

ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო. ამის შესახებ მან მედიაჩეკერთან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, შეძლო თუ არა ხელისუფლებამ 5 ივლისს, სათანადოდ დაეცვა ჟურნალისტები, პაპუაშვილი პასუხობს:

"სანამ მაგას ვიტყვით, უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია.

ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს?

ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები".

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გამო თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და ადამიანებს ესხდმოდნენ თავს. მათ დაარბიეს Tbilisi Pride-ის ოფისი, ასევე ეცადენენ მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შევარდნასაც და იმ შენობის სადარბაზო დააზიანეს, სადაც ოფისი იყო განთავსებული. 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.

ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. ლაშქარავას გარდაცვალებიდან თითქმის ხუთი თვის თავზეც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. 

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რის გამოც მის გადადგომას მოითხოვდნენ. 


close დახურვა