logo
ENG



ბეჟაშვილი: ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება ძალაუფლების მიტაცებაა

27 ნოე 202112:29
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში ხელის შეშლაა. 

ბეჟაშვილი გუშინ, 26 ნოემბერს მომხდარს გამოეხმაურა, როცა ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულოებმა დაამტკიცეს. ამ ორი ქალაქის საკრებულოში მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას უმრავლესობა არ აქვს.

"იქ, სადაც ქართულ ოცნებას არ აქვს უმრავლესობა, ვადაგასული საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც, თავისი არსით, არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. 

სახეზე გვაქვს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეთანხმებული მოქმედება. ამ პროცესში ცესკომ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ 13 ნოემბერს იყო შეჯამებული. შესაძლებელი იყო, აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება". - თქვა ლევან ბეჟაშვილმა. 

ბეჟაშვილის თქმით, ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, შესაბამისად, მომზადდება კონსტიტუციური სარჩელი. 

"ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელვყოთ, თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება". - თქვა მან.  

ბათუმსა და ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოებმა ოპოზიციის პროტესტის ფონზე 26 ნოემბერს დაამტკიცეს.

ახალი ბიუჯეტებით ხელფასები გაეზარდათ მერებსა და მათ მოადგილეებს. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ახალი საკრებულო ამ დრომდე მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი სურვილისამებრ დაემტკიცებინათ. ოპოზიციის შეფასებით, ეს პროცესი არალეგიტიმურია. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალ საკრებულოთა პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება.

ცესკომ არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულება 25 ნოემბერს გამოსცა.


close დახურვა