ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა.
მასაში, სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი.
ინტერპრესნიუსის ცნობით, ნანგრევებიდან ადამიანის ხმა ისმის, რომელიც შველას ითხოვს.
ადგილზე მაშველები უკვე მივიდნენ.
განახლება:
ინფორმაცია, რომ კარიერში, მიწის მასის ქვეშ 2 ადამიანია მოყოლილი, მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა.
"ადგილზე დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები და შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია.
მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება". - აცხადებს სამსახური.
ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის თქმით, მუშები არიან კერძო პირები და ისინი არალიცენზირებულ საქმიანობას ეწეოდნენ.