logo
ENG



სააკაშვილის ექიმი: მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ემზადება სასამართლოსთვის

27 ნოე 202121:18
3 წუთის საკითხავი
clock 1208

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ამბბოს, რომ ამ დროისთვის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ემზადება სასამართლოზე დასასწრებად.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ენდოკრინოლოგებთან შეთანხმებულ მენიუს იღებს და მიმდინარეობს ძალების აღდგენა.

"დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვებება თითქმის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია მენიუ ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, ძალის აღდგენა მიდის, დაეწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სასამართლო დღეს არ არის. ვფიქრობ იქნება [მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი, რომ შეძლოს სასამართლო პროცესს დაესწროს]"-ამბობს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი

დღეს მიხეილ სააკაშვილი ცენტრ ემპათიას დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმაც მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის დაესწროს სასამართლო პროცესს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული. 

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. 

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარს ამბობდა, მიზეზად კი "დესტქურციას" ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, მათ სააკაშვილის გადაყვანის პროცესში ხელი შეშლოდათ.

სააკაშვილმა შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, 22 ნოემბერს კი, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტა არის ​იმის საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტი შემდეგ პროცესზე სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ. მინისტრის თქმით, ისინი ამ საკითხზე ექიმების დასკვნას დაელოდებიან.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირები შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.

სააკაშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო კვეთისთვის.


close დახურვა