საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონს მიიღებენ, მედიას ამით მიღებული ზარალი სრულად უნდა აუნაზღაურონ. ის ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.
სააკაშვილის შეფასებით, ეს ინიციატივა "ბლეფია".
"საქართველოში უნდა იყოს მედიაკოდექსი, რომ თუ მაგალითად გაუარესდა სარეკლამო პირობები, როგორც ახლა აკეთებენ, რომ მოკლან დამოუკიდებელი მედია. ვთქვათ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა სათამაშო ბიზნესი, თუმცა ეს არის ბლეფი იმიტომ, რომ სათამაშო ბიზნესის ბოსები არიან ესენი და დანარჩენები უბრალოდ წავლენ ჩრდილში. მე ეს უკრაინაში ნანახი მაქვს და ვიცი, როგორ გამოიყურება. ვთქვათ, მიიღეს ეს, სათამაშო ბიზნესი, ავტომატურად კაპიკ-კაპიკ უნდა აუნაზღაურდეს ყველა დამოუკიდებელ მედიას ის ზარალი, რომელსაც ის მიიღებს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული", - თქვა სააკაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან 1 500 000 000 ლარი გაედინება, გაჭირვებული მოქალაქეები კი ყოველდღე აგებენ ფულს.
პრემიერმინისტრის აზრით, ამის მოსაგვარებლად ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, მოთამაშეების ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს. ამავე დაპირების მიხედვით, მეორე ეტაპზე საერთოდ აიკრძალება ონლაინ თამაში.