logo
ENG



ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ფართო კონსესუსით მიღებული შედეგი არ უნდა დაიკარგოს

03 დეკ 202114:48
3 წუთის საკითხავი
clock 550
ფორმულა/ვახო ქარელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ელჩებს აქვთ უფლება რჩევა მისცენ ხელისუფლებას, თუ რა არის საუკეთესო პროცენტი საარჩევნო ბარიერისთვის, რათა დაცული იყოს პლურალიზმი.

კარლ ჰარცელის თქმით, ფართო კონსესუსით მიღებული შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგები არ უნდა დაიკარგოს.

"რჩევის მიცემა იმაზე, თუ რა არის საუკეთესო პროცენტი იმისთვის, რომ დაცული იყოს პლურალიზმი ამაზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ მნიშნველოვანი საკითხია, რომ ამაზე საუბარი დაიწყო შემოდგომაზე, შემდეგ გაზაფხულზე ჩატარდა მედიაციის პროცესი, რომლის შედეგადაც მივიღეთ 19 აპრილის შეთანხმება, რომლის კულმინაციური შედეგი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 2%-იან ბარიერზე. ეს პარლამენტმა ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით მიიღო - 126 ხმით, ეს სულ რაღაც სამი თვის წინ მოხდა. ფართო კონსესუსით მიღებული შედეგი არ უნდა დაიკარგოს, უნდა გაგრძელდეს, " - ამბობს კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი იყო მთავარი მომლაპარაკებელი შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნის დროს. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადაყვანას. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი აქვს. კობახიძე ამით კელი დეგნანს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვება, არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ და "მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს".

19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას.


close დახურვა