logo
ENG



ჯიშკარიანი ფსიქოტროპულზე: სააკაშვილმა იცის, რომ მედიკამენტს იღებდა, მაგრამ მას საძილე ეგონა

04 დეკ 202121:42
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრ ემპათიას დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათიდან არ ირკვევა, რატომ დაუნიშნეს მესამე პრეზიდენტს ნეიროლეპტიკური მედიკამენტები.

ჯიშკარიანის თქმით, უცნობია ჰქონდა თუ არა იუსტიციის სამინისტროს რაიმე განზრახვა თუ პრეპარატს საძილე მიზნით იყენებდა. მისივე განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ საძილე მედიკამენტს იღებდა და არა ფსიქოტროპულს.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტის მიღების მოხსნის მეორე დღესვე ცვლილება აღენიშნებოდა. 

"მე ვერ გეტყვით, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაუნიშნეს ეს [ნეიროლეპტიკური] მედიკამენტები, რატომ დაუნიშნეს სამედიცინო ბარათიდანაც არ ირკვევა. მას არ აღენიშნებოდა ის სიმპტომატიკა, რომელიც ამ მედიკამენტს მოითხოვდა. იცის რომ [მედიკამენტს] იღებდა, მაგრამ მან იცის, რომ ეს იყო საძილე. თუმცა შაბათსვე, ეს იყო 27 ნოემბერი, როდესაც ჩვენ მოვხსენით ეს მედიკამენტი, მეორე დღესვე იგრძნო მან ცვლილება. ვერ გეტყვით [მოატყუეს თუ არა პრეზიდენტი] ამაზე პასუხი ალბათ თვითონ ექნება იუსტიციის სამინისტროს, იყენებენ ამ პრეპარატს ზოგადად საძილედ თუ რაიმე განზრახვით. ნებისმიერ შემთხვევაში იმ ნევროლოგიურ სიმპტომატიკაზე, რომელიც გამოვლენილია ამჟამად, ე.წ. ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც არის შიმშილობის შედეგი და შიმშილობის პერიოდში ამ პრეპარატების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

როგორც გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჯიშკარიანმა აღნიშნა, სააკაშვილი საჭიროებს სტაციონარული მკურნალობის გაგრძელებას, რადგან მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

"ფაქტიურად მდგომარეობა არასტაბილურია, იმ თვალსაზრისით, რომ შეინიშნება ლაბილობაც, ფსიქო-ნევროლოგიური ლაბილობა. პაციენტი საჭიროებს სტაციონარული მკურანლობის გაგრძელებას. საჭირო იქნება შეჯერება მკურნალობის კურსთან დაკავშირებით", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ოთარ თოიძე ამბობს, რომ იმ პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელსაც სააკაშვილს რუსთავში აძლევდნენ, ის სასამართლოს წინაშე ვერ წარსდგებოდა. თოიძის თქმით, სააკაშვილი ადეკვატური დოზით იღებდა პრეპარატს, თუმცა შიმშილობით გამოწვეული ენცეფალოპათიის ფონზე უარყოფითად იმოქმედა.

შეგახსენებთ, მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს. 

ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში "ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება". 

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 


close დახურვა