სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.
ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.
ასევე, კანონდარღვევად მიიჩნია რეანომობილში განვითარებული მოვლენებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს facebook-სა და ოფიციალურ ვებგვერდებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ვიდეოს წაშლა დაავალა.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების რამდენიმე ფაქტს სწავლობდა. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა 2021 წლის 8 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 10 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 5 და 6 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება;
2021 წლის 6 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ფოტო (რომელზეც ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული საკვები დანამატები) და ვიდეომასალის (რომელზეც აღბეჭდილი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები) მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 8 და 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მიხეილ სააკაშვილის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება", - ამბობენ აპარატში.
სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეაფასა და დაადგინა:
"მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების (ნატურალური წვენების, თაფლის) შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 8 ოქტომბერს) გასაჯაროებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის) და „გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ფონზე, საზოგადოებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობდა. თუმცა, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა არა მის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების სახეობა და რაოდენობა, არამედ ინფორმაცია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზეც, რაც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა უკან დააბრუნა შეძენილი პროდუქტები და შეწყვიტა საკვები დანამატების მიღება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისიც, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მასთან დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ვინაიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში, გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვეოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების შესახებ დაცულ ინფორმაციას.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების (წნევის, პულსის, სატურაციის, გლუკოზის მონაცემების) შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება იყო კანონიერი. იმ პირობებში, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების თაობაზე და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საზოგადოების ინფორმირებისთვის გამოყენებული საშუალება - მიხეილ სააკაშვილის ნორმაში არსებული სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება - მიჩნეულ იქნა ლეგიტიმური საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციულ საშუალებად.
მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 5 და 6 ნოემბერს) გასაჯაროებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსმა (რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო სამედიცინო დანიშნულების) საზოგადოების ნაწილში შექმნა მცდარი აზრი მისი მოჩვენებითი შიმშილობის შესახებ, მაშინ როდესაც, საპირისპირო დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით - ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეწყვეტილი არ ჰქონდა და კონსილიუმის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, იგი სამედიცინო პუნქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით, ექიმების მეთვალყურეობით, იღებდა სხვადასხვა სახის წვენებსა და პიურეებს.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების შესახებ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, იმ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე, რომ აღნიშნული ხორციელდებოდა ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით, ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად. მით უფრო, იმ წინასწარ განჭვრეტადი შედეგის გათვალისწინებით, რაც გამოიწვია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ - მოშიმშილე პირმა (მიხეილ სააკაშვილმა) უარი განაცხადა ყოველგვარი საკვები დანამატის მიღებაზე, რამაც შექმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "№12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით. შესაბამისად, ბუნდოვანია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და რატომ იყო აუცილებელი ამ სახის ინფორმაციის გავრცელება".
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ "ფეისბუქის", ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა", - ნათქვამია განცხადებაში.