logo
ENG



დარსალია: რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდა კვლავ დატოვა

08 დეკ 202122:22
3 წუთის საკითხავი
clock 1439
დარსალია: რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდა კვლავ დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებზე, როცა დღის წესრიგში დევნილების დაბრუნების საკითხი დადგა, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა. 

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი გაიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დარსალიამ თქვა, რომ უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება.

„ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, სამწუხაროდ, ამ რაუნდზეც, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა და მოლაპარაკების პროცესი აღარ გაგრძელდა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მნიშვნელოვანია, ადრე თუ გვიან ეს გადავლახოთ და დევნილთა დაბრუნების საკითხი იყოს ერთ-ერთი მიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში. დანარჩენ პროცესთან მიმართებაში რეალობა არის ის, რომ უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რჩება რადიკალურად განსხვავებული". – განაცხადა დარსალიამ ჟენევაში. 

ამასთან, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყონ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რაც კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების საფუძველი უნდა გახდეს, თუმცა, მსგავსი მიდგომა არ ჩანს რუსეთის დელეგაციის მხრიდან. 

ლაშა დარსალიამ ასევე აღნიშნა, რომ გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ მცირე ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, მისი თქმით, როგორც ყველა სხვა წინა რაუნდზე, ამჯერადაც ვერც ერთ საკითხზე წინსვლა ვერ მოხერხდა. 

მოგეხსენებათ, მოლაპარაკებებზე მსჯელობა მიდის ჰუმანიტარულ საკითხებზეც და ამ რაუნდზე გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ პატარა ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებზე. არავის ინტერესში არ არის, რომ ადგილზე რჩებოდეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მძიმე ფონი. რეალურად, ადამიანის უფლებათა საკითხებს რუსეთი იყენებს ზეწოლის მექანიზმად მოლაპარაკებათა პროცესში, თუმცა პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების აქტიური ძალისხმევით, იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარულ საკითხებზე გარკვეული პროგრესის მიღწევა. ამ მხრივ ველოდებით, რომ თანათავმჯდომარეები მოამზადებენ გარკვეულ წინადადებებს, რომლებიც უკვე შემდეგ რაუნდზე იქნება განხილული. იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას, თუმცა თუ შევაჯამებთ დღევანდელ რაუნდს, როგორც ყველა სხვა წინა რაუნდზე, ამჯერადაც პრაქტიკულად ვერც ერთ საკითხზე წინსვლა ვერ მოხერხდა". - თქვა ლაშა დარსალიამ.


close დახურვა