პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზებზე საუბრისას გამორიცხავს რაიმე დაპირისპირებას პრემიერთან. ჟურნალისტებთან საუბრისას, იგი "ჭორაობას"უწოდებს ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
"ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. როდესაც ფორმატებში ვიკრიბებოდით არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. გადადგომებზე არა მხოლოდ ტიკარაძის, ნებისმიერი მინისტრზე ყოველდღე მიდის ჭორაობა. 3 წელია ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრია, 3 წლის მერე მიიღო ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუჭავამ.
მანვე განმარტა, რომ მისი კანდიდატურა მინისტრის პოსტზე არ განიხილება და, რომ იანვარში პარლამენტში აქვს დაგეგმილი საქმიანობა. კუჭავამ განაცხადა, რომ პარლამენტი არც ახალი კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში მიიღებს მონაწილეობას, რადგან მას საპარლამენტო დამტკიცება არ დასჭირდება:
"იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის, მსოფლიო გამოწვევა, რომელსაც პანდემია ჰქვია. საქართველომაც განიცადა საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ეტაპები. იყო ბევრი კმაყოფილი, ბევრი უკმაყოფილო. ამიტომ თვითონ საზოგადოება შეაფასებს. ქალბატონი ეკა ტიკარაძე იყო ადამიანი, რომელსაც არ ეშინოდა თამამი რეფორმების და გადაწყვეტილებების".
9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.
"3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორად მივიჩნიეთ, შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და აქედან გავამყარო ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.
ვთვლით, რომ ის პროექტები, რომელიც დაიწყო და განხორციელდა ამით გარკვეული განვითარების ეტაპი დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.