ომბუდსმენი აცხადებს, რომ 2021 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჟურნალისტების მიმართ ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს.
მისი თქმით, სახალხო დამცველმა წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ათობით ფაქტი აღრიცხა. ნინო ლომჯარია ასევე აღნიშნავს, რომ ცალსახაა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულებაც.
„სახალხო დამცველმა აღრიცხა მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ 5 ივლისის მოვლენები. სამწუხაროდ, ასევე ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები“
ომბუდსმენმა ისაუბრა 5 ივლისის მოვლენებზეც და განაცხადა რომ ხელისუფლებამ არათუ ვერ დაიცვა მოქალაქეების ჯანმრთელობა, არამედ ძალადობა წააქეზა კიდეც.
„საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რეალური საფრთხე შეუქმნა, არამედ უფრო მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა კიდეც“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენის ინფორმაციით, 5 ივლისის საქმეზე 45 ჟურნალისტსა და ოპერატორს მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.
5 ივლისის ფაქტებთან მიმართებით პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით არცერთი პირის მიმართ არ აქვს დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულები სულ მცირე 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აკმაყოფილებს.
დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.
მან სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.