
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7% აცრილია.
მათივე ცნობით, ბოლო 7 დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი.
"საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელი. გასული კვირის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება", - წერია უწყების ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, დადასტურდა კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.