logo
ENG



ხოშტარია: ოპოზიცია აბსოლუტურად ერთიანია, დღეს კოორდინირებულ ნაბიჯებზე შევთანხმდით 

15 დეკ 202116:36
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ოპოზიცია აბსოლუტურად ერთიანია, დღეს კოორდინირებულ ნაბიჯებზე შევთანხმდით 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. 

ხოშტარია ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა სწორედ ოპოზიციის ერთიანობის დემონსტრირებაა და მათ შორის კონფლიქტის და კინკლაობის შემოტანა შეუძლებელია. 

"ერთი მხრივ, პრეზიდენტისგან გვესმის გზავნილი პოლარიზაციის დასრულებაზე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ, კითხვის ნიშნების მიუხედავად, გვაქვს ინტერესი და მზაობა, დაიწყოს ლაპარაკი ამ თემაზე. 

მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ასე შემდეგ. თუ ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით. 

დღევანდელი შეხვედრაც ამის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის და კინკლაობის შემოტანა ოპოზიციაში. დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ფონზე გრძელდება ოპოზიციის წარმომადგენლებზე დარტყმა. 

ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე - როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ წინადადებებზე შევთანხმდით. ოპოზიცია იქნება კოორდინირებული". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მისივე თქმით, ახალი წელი ხელს ვერ შეუწყობს ქართულ ოცნებას, მშვიდად ჩაატაროს დაკავებების პროცესი. 

როგორც დროას ლიდერი ამბობს, ეს მმართველი გუნდისთვის არც შეუმჩნევლად ჩაივლის და არც მშვიდად. 

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ, 16 დეკემბერს მივლენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და ზურაბ წერეთლის საქმის განხილვა გრძელდება და მათ მხარდაჭერას გამოუცხადებენ. 

ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაში თითქმის ყველა პარტია მონაწილეობდა. 


close დახურვა