საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გენერალ გიგი კალანდაძის საქარველოში ექსტრადირების თხოვნით მიმართავს. საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი მაშინ დააკავეს, როდესაც ბერლინიდან უკრაინაში ბრუნდებოდა.
გიგი კალანდაძე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნაში იმყოფება. საქართველოს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კალანდაძე პასუხისგებაში მიცემულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და წამებისთვის, რაც მიზნად ე.კ.-სგან ტერორისტული აქტის აღიარებას ისახავდა.
"გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით.
საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს.
"ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.
სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!" - წერს სააკაშვილი.
2008 წლის აგვისტოს ომის გმირების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და რუსეთის დაკვეთის სისრულეში მოყვანა - ასე აფასებენ სამხედროები გიგი კალანდაძის დაპატიმრებას.