logo
ENG



თბილისის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

22 დეკ 202100:16
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა
ფოტო: ირაკლი ორაგველიძე/რადიო თავისუფლება

თბილისის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. 

ომი სწორედ 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო. 

სამოქალაქო დაპირისპირებამ დედაქალაქში 15 დღეს გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ომის წინაპირობა ქვეყანაში დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა - ომს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. გამსახურდიამ ის შსს-ს დაუქვემდებარა. 

მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო. 

მაშინდელი პრემიერმინისტრი, თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა, კიტოვანმა კი უარი თქვა, შეესრულებინა ზვიად გამსახურდიას ბრძანება და მას დაქვემდებარებული 15 ათასკაციანი გვარდია ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. მაშინ კიტოვანმა თქვა, რომ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით დაშალა გვარდია და იგი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, გამსახურდიაც უწოდებდა ოპონენტებს მოღალატეებს და რუსეთის აგენტებს. 

დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. 22 დეკემბერს, დილის 8-ს ნახევარზე რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა.

მაშინ თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა.

ამ პერიოდში კიტოვანმა ციხიდან ე.წ კანონიერი ქურდი, ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე, ჯაბა იოსელიანი გამოუშვა, რომელმაც შეიარაღებული არაფორმალური ფორმირება მხედრიონი შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი დაჯგუფება მიზნად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების სეპარატისტებისგან დაცვას ასახელებდა. 

ზვიად გამსახურდიამ თავი ბუნკერს შეაფარა, 1992 წლის 6 იანვარს კი ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა, სადაც თავშესაფარზე უარი მიიღო, შემდეგ კი სომხეთში წავიდა და იქ მცირე ხანი დაჰყო.

ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭომ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ყოფილი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა, ექსთავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და მხედრიონის მეთაური ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის 7 მარტს კი საქართველოში ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა.

1993 წელს საქართველოში დაბრუნდა ზვიად გამსახურდიაც, ზუგდიდში ჩავიდა და აჯანყება სცადა. მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

დასავლეთ საქართველოში მხედრიონი შევიდა და დარბევა და ძარცვა დაიწყო.

1993 წლის ოქტომბრის ბოლოს გამსახურდია და მისი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისთვის შეეფარებინათ. 

31 დეკემბერს ის ხობის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.


close დახურვა