logo
ENG



საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა

24 დეკ 202117:45
3 წუთის საკითხავი
clock 962

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან ივერი მელაშვილი გაათავისუფლა. მელაშვილის თქმით, სამინისტრომ მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური გააუქმა. 

აღნიშნულ სამსახურს მელაშვილი ხელმძღვანელობდა. ე.წ. კარტოგრაფების საქმის სასამართლო დავის გამო კი მას უფლებამოსილება დროებით შეჩერებული ჰქონდა.

მელაშვილი ვარაუდობს, რომ სამინისტროს მხრიდან სამსახურის გაუქმება მის გათავისუფლებას უკავშირდება. როგორც მელაშვილი განმარტავს, მისი სამსახურის გაუქმება რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა.

"ყველაფერი ორკესტრირებულია, მე ვფიქრობ, მთავრობაში მყოფი ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ ან საერთოდ ერთი ადამიანის მიერ, დანარჩენები შემსრულებლები არიან, ალბათ, მეტი არაფერი. გული მწყდება, რომ უამრავი სამუშაო არის ჩატარებული, მასალები შეკრებილი და დახარისხებული, უამრავი წინადადება მომზადებული. რა ბედი ეწევა ამ მასალებს, ეგეც არ ვიცი. ვის ხელში ჩავარდება და როგორ გამოიყენებს, ეგეც არ ვიცი", - განაცხადა მელაშვილმა.

აღნიშნულს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა:

"საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის პოზიცია, ისევე როგორც ეს სამსახური არ გაუქმებულა! საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემდგომი საქმიანობის და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აღნიშნული ფუნქცია გადავიდა უშუალოდ კომისიის დაქვემდებარებაში, ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროსა, რაც ბუნებრივია აღარ ქმნის ამ ფუნქციის საგარეო საქმეთა სამინისტროში დუბლირების საჭიროებას. მოგეხსნებათ, რომ კომისია გახლავთ უწყებათაშორისი სტრუქტურა, რომელსაც როტაციის პრინციპით ჰყავს ხელმძღვანელი და სამომავლოდ უმჯობესია რომ ეს ფუნქცია არსებობდეს სწორედ უშუალოდ კომისიასთან, მისი ეფექტიანი საქმიანობისთვის", - წერია განცხადებაში. 

2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა სამოქალაქო სექტორის, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიერ.

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.


close დახურვა