logo
ENG



"ეფექტურად" - ტიკარაძის პასუხი კითხვაზე, როგორ ხდება COVID 19-ის მართვა მისი მინისტრობისას

26 დეკ 202114:34
3 წუთის საკითხავი
 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში კორონავირუსის პანდემიის მართვა ეფექტურად მოხდა. 

უკვე გადამდგარმა მინისტრმა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე მინისტრის მოვალეობას ასრულებს, დღეს, 26 დეკემბერს საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

ჟურნალისტებთან ლაპარაკისას ტიკარაძემ თქვა, რომ არ გამართლდა მოლოდინები, თითქოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა ინფიცირებული პაციენტების ნაკადს. 

"როგორი პასუხი გასცა ჯანდაცვის სისტემამ პანდემიას იმ მზაობის პირობებში, რომელიც სამინისტროს და გუნდის მხრიდან იყო შემუშავებული - შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი, თითქოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა პანდემიის მართვას, ფაქტობრივად უარყოფილია, ვინაიდან უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის პაციენტების მართვა მოხდა. 

დღეს სახეზე გვაქვს კომპლექსური და სისტემური პასუხის გაცემის უნარის მქონე ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ადეკვატურად და სწორად რეაგირებს პანდემიაზე. საერთო ჯამში, ეს იყო ურთულესი პერიოდი ურთულესი და უცნობი გამოწვევებით, მაგრამ ჯანდაცვის ერთობლივი გუნდის მხრიდან ყოველთვის იყო დროული რეაგირება და ადეკვატური ქმედება". - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

კითხვაზე, როგორ ხდება COVID 19-ის მართვა მისი მინისტრობისას, მან უპასუხა: "ეფექტურად". 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. მას შემდეგ გამოვლინდა ვირუსის 924 368 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 512 ადამიანი. ეს მსოფლიოში პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი რიცხვია. 

***

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს და მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.


close დახურვა