ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა, აკო ჭელიძემ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.
ჭელიძე აღიარებს, რომ კვარაცხელიას თვითონ ესროლა, თუმცა უარყოფს ჯგუფურ დანაშაულს და ამბობს, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.
მკვლელობის საქმეზე დაკავებული მეორე პირის, გიორგი კავილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაურბის პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ერთი ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება იმის მითითებით რომ მეორე დამნაშავე არაა, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
"სასამართლო განხილვის დროს ჩვენ დავადასტურებთ, რომ მათ მიერ ჩადენილია მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, მათ მიერ ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა", - განაცხადა პროკურორმა.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.