ტოკიო 2020
პანდემიის გამო 2021 წელს ჩატარებული ოლიმპიადა - ტოკიო 2020 საქართველოსთვის ისტორიაში საუკეთესო თამაშები გამოდგა. ჯამში ქართულმა დელეგაციამ 8 მედალი მოიპოვა, მათ შორის იყო 2 ოქრო.
ოლიმპიურ პოდიუმზე ყველაზე მაღლა პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ლაშა ტალახაძე, (რომელმაც პროცესში ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა) და 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური დადგნენ.
ქართველ გულშემატკივარს გული დასწყვიტა გენო პეტრიაშვილის მარცხმა. გენომ ოქროს მედალი ფინალის ბოლო წამზე ამერიკელ გეიბ სტეფენსონთან დათმო. მართალია, ოქროების რაოდენობით საქართველომ 2008 წელს პეკინში ნაჩვენები შედეგი ვერ გაიმეორა, თუმცა, ტოკიო 2020-ის თამაშები მაინც წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
კვარას ტრანსფერ-საგა
2021 წელი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ არაერთგვაროვანი და ემოციებით დატვირთული გამოდგა. ჩრდ. მაკედონიასთან ისტორიულ მატჩში დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებში ახალი თავფურცელი გადაიშალა. ვლადიმირ ვაისი გუნდიდან წავიდა, მის ნაცვლად კი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ვილი სანიოლი ჩაუდგა. ფრანგის თაოსნობით ჩატარებულმა შეხვედრებმა გულშემატკვირებში პოზიტიური მოლოდინები გააჩინა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ნაკრებში მკვეთრად გაიბრწყინა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატებსა და კლუბებში თამაშის პოტენციალი ნამდვილად აქვს. თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ კვარაცხელიას ყაზანის რუბინი დაეტოვებინა და 2021 წლის ზაფხულში გეზი დასავლეთ ევროპისაკენ აეღო, თუმცა, საბოლოოდ, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ გავიგეთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რუსულ გუნდს არ დატოვებდა.
ზაფხულს ძალიან მძიმე საშემოდგომო თამაშები მოჰყვა, ზედიზედ წაგებული სამი შეხვედრა და ჩამქვრალი, უხასიათო კვარაცხელია.
ვილი სანიოლისა და თავად ხვიჩას სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ 2021 წელი მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ; 2022-ის მარტის ამხანაგურ, ასევე, ზაფხულის ერთა ლიგის შეხვედრებს ფეხბურთის ქართველი ქომაგი ისევ დიდი იმედებითა და საოცნებო შედეგების დაფიქსირების მოლოდინით ხვდება.
ბასილაშვილის მასტერსი
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის 2021 წელი კარიერაში საუკეთესო წელი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა ამ წელს მიუნხენსა და დოჰაში ტურნირების მოგება შეძლო. ყატარში ბასილაშვილმა მსოფლიო სპორტის ლეგენდა, როჯერ ფედერერიც კი დაამარცხა, თუმცა, მისი წლის გამორჩეული მოვლენა მაინც ინდიან ველსის მასტერსია. ისტორიაში პირველად, ქართველმა მოთამაშემ 1000-ქულიანი ტურნირის ფინალში მიიღო მონაწილოება. ბრიტანელ კამერონ ნორისთან წაგების მიუხედავად, კალიფორნიაში ნაჩვენები პერფორმანსი საუკეთესო იყო, რაც ბასილაშვილიგან გვინახავს.
2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. ჩოგბურთელი წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 3 დღის შემდეგ გათავისუფლდა. ბასილაშვილის საქმე ერთ წელზე მეტია წარმოებს, თუმცა სასამართლოს საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია.
ორი ქართველი NBA-ში
2021 წელი არც კალათბურთის ქომაგებისთვის გამოდგა ურიგო. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წელს მსუყე ნამატი გვქონდა - NBA-ის კარი ერთბაშად ორმა ქართველმა შეაღო. შთამბეჭდავად ჩატარებული მეოთხე სეზონი სეტონ ჰოლ პაირატსის რიგებში საკოლეჯო ლიგაზე სანდრო მამუკელაშვილს სათანადოდ დაუფასდა. მამუ 54-ე პიკად ინდიანა პეისერსმა აიყვანა, თუმცა იმ საღამოსვე გაცვალა ჩემპიონ მილუოკი ბაქსში. სანდრომ უისკონსინელებთან ერთად უკვე მოასწრო რამდენიმე შედეგიანი თამაშის ჩატარება მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში.
გიორგი ბეჟანიშვილის შემთხვევა ოდნავ განსხვავებულია; ის უშუალოდ დრაფტზე არ აურჩევიათ, თუმცა დენვერ ნაგეტსმა მასთან კონტრაქტის გაფორმება მაინც მოისურვა. კოლორადოელებმა ბეჟანიშვილი განვითარების ლიგის გუნდში გაამწესეს, სადაც ქართველი ცენტრი ურიგოდ არ ირჯება. გიორგი ბეჟანიშვილი ფორმალურად ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მასთან აქტიურ მოლაპარაკებებშია ჩართული საქართველოს ნაკრებში მიწვევის თაობაზე. იმედია, 2022-წელს ჩვენს გუნდს კიდევ ერთი პერსპექტიული და ნიჭიერი მოთამაშე შეუერთდება.
ქართველები UFC-ში
ამ წელს ქართველები შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ არენაზე გამორჩეულად კარგად ჩხუბობდნენ. 2021 წელს გიგა ჭიკაძემ ორი ბრძოლა გამართა, ორივე ლეგენდასთან - ქართველმა „ნინძამ” ქაბ სვენსონიცა და ედსონ ბარბოსაც ადრეული ფინიშით დაამრცხა და სატიტულო ბრძოლას ხელშესახებ მანძილზე მიუახლოდა. გიგა 2022 წელს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლით ხსნის. დიდი ალბათობით, კელვინ კატართან მისი დაპირისპირება სატიტულო შანსებზე დიდ გავლენას იქონიებს.
გიგას მსგავსად ორიდან ორი ბრძოლა მოიგო მერაბ დვალიშვილმა. კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ „მანქანამ” ბრაზილიელ მარლონ მორაეშთან შეგვახსენა, თუ რატომ აქვს მას ის მეტსახელი, რომელიც აქვს. მერაბმა მორაეშის მძიმე შეტევებს გაუძლო და UFC-ის წლის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ქამბექი გვიჩვენა.
სამწუხაროდ, სუსტი პერფორმანსის გამო დანა უაიტის ორგანიზაციამ ლიანა ჯოჯუასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, თუმცა ქართველების რაოდენობა ახალ წელს არ შემცირდება; 2021-ის ბოლოს UFC-ში ზვიად ლაზიშვილის დებიუტი შედგა. მართალია, ზვიადი დამარცხდა, მაგრამ მომავალ ორთაბრძოლებში მისგან ძალიან ბევრს ველით.