logo
ENG



სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა

11 იან 202219:47
3 წუთის საკითხავი
clock 1964
სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა

ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა მათი გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო დაჯარიმდა.

ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის საჩივრები დაეწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა მოსამართლეს. ორივე მათგანის მიერ საქმეთა განხილვა დაინიშნა უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლოდ.

[...] აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომების პარალელურად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა სამსახურის გაუქმების შესახებ საკომიტეტო მოსმენები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზემოაღნიშნული ორივე საქმის განმხილველ მოსამართლესთან იშუამდგომლა საქმეთა გაერთიანებაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროების ერთსადაიმავე ეპიზოდზე და მათ მიერ მონაცემთა დამუშავების შემთხვევები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. არცერთმა მოსამართლემ სამსახურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა", - აცხადებს ინსპექტორი.

ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება გადაეცემათ, საქმეს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

"იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება 2022 წლის 1-ელ მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), რათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა", - წერია განცხადებაში. 

2021 წლის 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია  სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარი, რომელიც ასევე შეეხება მის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ ინსპექტორის გადაწყვეტილებას.


close დახურვა