ესპანეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ კორონავირუსს "ჩვეულებრივი გრიპივით" მიუდგეს. ის პირველი დიდი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც საზოგადოებას "ვირუსთან თანაცხოვრება" შესთავაზა.
ესპანეთის პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, შესაბამისად, ქვეყნებმა ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება უნდა გააგრძელონ.
სანჩეში ამბობს, რომ ესპანეთის მთავრობა აღნიშნულ საკითხზე გეგმას უკვე რამდენიმე კვირაა ამუშავებს და ევროპამ ამ გეგმაზე დისკუსია უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, მეცნიერების დახმარებით, უკვე არსებობს ის საშუალებები, რომლითაც მოსახლეობის შეძლებისდაგვარად დაცვა და ინფექციის გავრცელების შეჩერება არის შესაძლებელი.
ეს იდეა თანდათან ყურადღებას იპყრობს და შესაძლოა ხელისუფლებებმა ვირუსის მართვის სტრატეგია გადახედონ. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრის ნადჰიმ ზაჰავის თქმით, ბრიტანეთი "პანდემიიდან ენდემიაზე გადასვლის პროცესშია". ამასთან, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, გერმანია და რუმინეთი, სადაც ინფიცირების მაღალი დონეა, ჯერ ვერ შეძლებენ ასეთ მიდგომაზე გადასვლას.
რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ის ესპანეთის გეგმას არ ეთანხმებიან და მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ენდემურ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კორონავირუსის გრიპის მსგავს დაავადებად გამოცხადებისთვის აუცილებელია, რომ მისი გავრცელების მაჩვენებლები იყოს პროგნოზირებადი და შედარებით სტაბილური, რაც ჯერ არ ხდება.
"ჯერ კიდევ არის ვირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და რომლითაც ბევრი ინფიცირდება, ამიტომ ჩვენ არ ვართ ახლა იმ მდგომარეობაში, რომ პანდემიას ენდემია ვუწოდოთ", - ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
გუშინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ უახლოესი 6-8 კვირის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ომიკრონით დაინფიცირდება.