logo
ENG



5 ივლისის ძალადობა, ნინოწმინდის პანსიონი, მელიას დაკავება და სხვა HRW-ის 2021-ის ანგარიშში

13 იან 202214:02
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 

საქართველოს შესახებ თავში ორგანიზაციის ყურადღება 5 ივლისის ძალადობამ, ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე, ნიკა მელიას დაკავებამ და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა მიიპყრო. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მრავალი მიმართულებით გაუარესდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ფონზე. 

ასევე, HRW მიუთითებს, რომ შენარჩუნდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობა.

ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევდა პოლიციის ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტების მიმართ და მედიის თავისუფლების გაუარესება, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლგბტქ ადამიანებზე და შრომის უსაფრთხოების საკითხები. 

ორგანიზაციამ ანგარიშში ასევე აღნიშნა €75-მილიონიანი დახმარების საკიტხი - როცა აგვისტოში ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა €75-მილიონიანი დახმარების მიღების კრიტერიუმები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 

რა წერია ანგარიშში: 

მუნიციპალური არჩევნები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ის გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. აპრილში ევროკავშირმა მედიაცია გაუწია შეთანხმებას ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს ბოიკოტი, შეჯერდნენ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე და ქართულ ოცნებას შესთავაზეს რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 43%-ზე მეტს ვერ აიღებდა. ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმი უწოდა. ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ივლისში დატოვა და მიუთითა, რომ ამის მიზეზი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ენმ-ის გადაწყვეტილებაა, არ მოეწერა ხელი შეთანხმებისთვის. 

ქართულმა ოცნებამ არჩევნებში მნიშვნელოვანი უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები უარყო და მოსახლეობას ქუჩის მოუწოდა. 

საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთოს ხელმძღვანელობით, დაადგინეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული, თუმცა, "გაუარესებული ამომრჩევლებზე შესაძლო ზეწოლის, მოსყიდვის და უთანასწორო თამაშის პირობების" ბრალდებებით. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ეუთომ განაცხადა, რომ რესურსებში მკვეთრმა დისბალანსმა და ადმინისტრაციული რესურსის უპირატესობამ მმართველი პარტიის სასარგებლო როლი შეასრულა. 

1-ლ ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს, პოლიციამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. ის საქართველოში 8 წლის განმავლობაში არ იმყოფებოდა. 2018 წელს სასამართლომ ის დაუსწრებლად გაამტყუნა უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, შს მინისტრმა გამოძიება საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე დაიწყო, რაც 2 სხვა მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეს დაემატა. სააკაშვილმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულია. 

ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების ბოროტად გამოყენებისთვის

მუდმივ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის დაუსჯელობა. 2021 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველმა ციხის თანამშრომლების ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე 133 საჩივარი მიიღო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - დამოუკიდებელ ორგანოს მიმართა, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან დარღვევებს იძიებს. ანგარიშის მომზადების პროცესში გამოძიებები გრძელდებოდა. 

პოლიციამ ხელი შეუშალა შეკრების თავისუფლებას მაშინ, როცა დემონსტრანტებს არ მისცა კარვების გაშლის უფლება პარლამენტის შენობის წინ. 2021 წლის თებერვალში პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა 20 დემონსტრანტზე მეტი მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მიერ კარვის აღებას დაპირისპირება მოჰყვა. 

23 თებერვალს პოლიცია შეიჭრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად მას შემდეგ, რაც მელიამ გირაოს დამატებითი საფასური არ გადაიხადა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა 21 ადამიანი და გაიტაცა კომპიუტერების სერვერები. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ცრემლსადენი გაზის გამოყენება არაპროპორციული იყო და რომ პოლიციამ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა კომპიუტერების სერვერების გატანა. ნიკა მელიას ედავებოდნენ 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს ძალადობის ინიცირებას, გირაო კი 2020 წლის ნოემბრის აქციაზე საკონტროლო სამაჯურის გადაგდების შემდეგ გაეზარდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასევე გააკრიტიკა პოლიცია იმისთვის, რომ ის დაუმორჩილებლობის საბაბს იყენებს დემონსტრანტების დაკავებისთვის. საია-ს შეფასებით, ეს არის "მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის" საშუალება. 

სექტემბერში ანონიმურმა წყარომ, რომლის მტკიცებითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ათასობით დოკუმენტი გაავრცელა, რომელიც საქართველოს სამღვდელოებაზე კომპრომატების შემცველ ინფორმაციას, მათი სექსუალური ორიენტაციის, ნარკოტიკების არალეგალურად მოხმარების და ინტიმური ურთიერთობების ჩათვლით. დოკუმენტები, სავარაუდოდ, არალეგალური მიყურადებისა და თვალთვალის საფუძველზე შეიქმნა. ფაილები ასევე მოიცავდა ქართველი ჟურნალისტებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, საჯარო მოხელეებთან და უცხოელი დიპლომატებთან საუბრის შინაარსს. პროკურატურამ გამოძიება გაჟონვის ფაქტზე დაიწყო. 

მედიის თავისუფლება

ჟურნალისტები და მედიის სხვა თანამშრომლები 2021 წლის განმავლობაში არაერთი თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. 

თებერვალში პოლიციამ დააკავა 3 ადამიანი, რომლებიც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას დაესხნენ თავს. სანაიამ თქვა, რომ თავდამსხმელებმა ის იცნეს და აგინეს, აგვისტოში სასამართლომ თავდამსხმელები გაამართლა.  

​ფობიური საფუძვლით ძალადობა მოხდა ჟურნალისტების წინააღმდეგ მაშინ, როცა პრაიდის მსვლელობა იყო დაგეგმილი. სიძულვილის ჯგუფებმა სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს მედიის 53 წარმომადგენელზე, მათ შორის ტვ პირველის, მთავარი არხის, ფორმულას, რუსთავი 2-ის, იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლილს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე და ონლაინ მედიის არაერთ წარმომადგენელზე. თავდამსხმელებმა დააზიანეს და დაამსხვრიეს მედიის აღჭურვილობა, მრავალმა ჟურნალისტმა მიიღო ფიზიკური დაზიანება და დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. 

პოლიციამ ვერ შეძლო ძალადობრივი ინციდენტების პრევენცია. 

ტვ პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც სახის ძვლების მოტეხილობა, კონტუზია და ტვინის შერყევა ჰქონდა და ოპერაცია ჩატარდა, თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას სიკვდილიდან ერთი დღის შემდეგ, გარდაცვალების მიზეზის ბოლომდე დადგენამდე, ხელისუფლებამ საჯაროდ, სისხლის ანალიზის "შუალედური სასამართლო ექსპერტიზის" შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ეს ნარკოტიკების ზედოზირებამ გამოიწვია. ანგარიშის მომზადების პერიოდში საბოლოო დასკვნა გამოტანილი არ ყოფილა. ლაშქარავას ოჯახს და სამოქალაქო საზოგადოებას ხელისუფლების ნაჩქარევი განცხადება კითხვებს უჩენს. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

22 ივლისს კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა ოპოზიციური არხის ჟურნალისტს, არაკომფორტული კითხვების პასუხად. 

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებს 5 ივლისს დაგეგმილი მარშის გაუქმება მოუწიათ მას შემდეგ, რაც ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა მათი ოფისები დაარბიეს და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ბრბო აცოცდა თბილისი პრაიდის აივანზე, დაამსხვრია ფანჯრები, დახია ცისარტყელის დროშა და გაძარცვა ოფისები. ისინი ასევე თავს დაესხნენ და დააზიანეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ასევე, შეიჭრნენ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში, სადაც პრაიდის ორგანიზატორები შეიფარეს ძალადობრივი ბრბოსგან, რომლებიც მას მთელი ქალაქის მასშტაბით დასდევდნენ. 

იმის ნაცვლად, რომ უზრუნველეყოთ პრაიდის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრების თავისუფლება, ხელისუფლებამ ისინი პირიქით დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "არაგონივრული" იყო აქციის გამართვა საჯარო ადგილას, რამაც შეიძლება "სამოქალაქო დაპირისპირება" გამოიწვიოს. 

მარშის ორგანიზატორები შს სამინისტრომაც გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ მსგავსი მსვლელობის ჩატარებისგან საჯარო სივრცეში. ადგილზე პოლიცია მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და ვერ შეძლო ეფექტური რეაგირება. 

ძალადობის შემდეგ პოლიციამ ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობისთვის 27 ადამიანი დააკავა. სახალხო დამცველმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ დევნა ძალადობის არც ერთი ორგანიზატორის მიმართ არ დაიწყო. 

მარტში ხელისუფლებამ პირველად აღიარა ტრანსგენდერი ადამიანის სქესის შეცვლა, თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრანსგენდერმა ქალმა ოპერაცია ჩაიტარა და ამის დამადასტურებელი სერთიფიკატიც წარადგინა. საქართველოში მსგავსი ცნობის წარდგენა აუცილებელია იმისთვის, რომ გენდერის აღიარება მოხდეს. ეს მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვინაიდან ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას და ზრდის უმუშევრობისა და სიღარიბის რისკებს. 

ბავშვთა უფლებები

მაისში, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველს 2-ჯერ უთხრეს უარი ნინოწმინდის პანსიონში შესვლაზე, ეს დაწესებულება მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. პანსიონში 56 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 8 - შშმ. მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართავს. ომბუდსმენის განცხადებებმა და მედიის ყურადღებამ, ასევე, იუნისეფის ჩართვამ განაპირობა დროებითი ზომების მიღება პანსიონთან დაკავშირებით. ზომები სახელმწიფო მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობდა. 

სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 4 მიმდინარე გამოძიებაზე, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას ეხება. საზოგადოების რეაგირების შემდეგ, ივნისში, სასამართლომ დაადგინა, რომ შშმ ბავშვები ინსტიტუციიდან უნდა გაეყვანათ. სახელმწიფო სოციალურმა მუშაკებმა გაიყვანეს 30 ბავშვი, მათ შორის, არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი. 12-ზე მეტი ბავშვი დარჩა დაწესებულებაში, სახელმწიფოს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ეკლესია ჩანაცვლდა დაწესებულების დირექციით. ახალმა ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ძველი თანამშრომლები და ომბუდსმენის ოფისთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. 

ივლისში ​UNICEF-მა უმასპინძლა ორდღიან სემინარს, რომელშიც საქართველოს ოფიციალური პირები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მათი მიზანი იყო მთავრობისთვის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარება. 

ივლისში სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონოა ბავშვების ოჯახისგან განცალკევება სიღარიბის გამო. მთავრობას დაეკისრა 35 ათასი ლარის გადახდა 3 ბავშვისთვის მიყენებული იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომლებიც დედას 2 წლის განმავლობაში, სიღარიბის გამო მოაშორეს ისე, რომ სახელმწიფოს მათი დახმარება არ უცდია. 

სკოლები 155 დღის განმავლობაში დახურული იყო, კიდევ 84 დღით კი იყო ნაწილობრივ დახურული კონკრეტული ასაკის ბავშვებისთვის ან კონკრეტულ რეგიონებში. UNICEF-ის შეფასებით, როცა საქართველო ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, განათლებაზე წვდომა, სულ მცირე, 50 000-მა ბავშვმა დაკარგა. ბევრ მოსწავლეს შეექმნა ბარიერი, უპირველესად, მაღალმთლიან რეგიონებში მცხოვრებლებს, სადაც ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია, ასევე, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ელექტრონული მოწყობილობები. პრობლემა იყო ონლაინ სწავლებაში მასწავლებლების გამოცდილების ნაკლებობა. 

შრომის უფლებები

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა შრომის ყოვლისმომცველი რეფორმები, გაფართოვდა შრომის ინსპექციის მანდატი და შემოვიდა ახალი რეგულაციები სამუშაო საათების, ზეგანაკვეთური და დასვენების დროისთვის.

მიუხედავად ამ რეფორმებისა, სამართლიანი შრომითი პირობები მუდმივ პრობლემად რჩება. სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არ გააჩნიათ იურიდიული გარანტიები, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტურად მოაგვარონ სისტემური ცვლილებები, ხოლო შრომის ინსპექციის ეფექტურობა შეფერხებულია რესურსების ნაკლებობის გამო.

დამოუკიდებელი პროფკავშირის, სოლიდარობის ქსელის ივნისის ანგარიშში ნათქვამია, რომ ექთნები საარსებო მინიმუმზე ნაკლებს გამოიმუშავებენ.

ასევე მუდმივ პრობლემად რჩება სამუშაო ადგილის უსაფრთხოება. შრომის ინსპექციის მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 20 მუშა დაიღუპა და 189 დაშავდა.

აპლიკაციებზე დაფუძნებული საკვების მიწოდების სერვისები, რომლებიც აყვავდნენ Covid-19 პანდემიის დროს, გაჩნდა, როგორც ახალი ბრძოლის ველი სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისთვის. 2021 წლის დასაწყისში 100-ზე მეტმა მიწოდების კურიერმა გამორთო თავისი აპლიკაცია, ვინაიდან არარეალური მიზნები მათ სამუშაოს უფრო სახიფათოს ხდიდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭომ შეაფასა ასოცირების შეთანხმების შესრულება.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს შემდგომი განახორციელოს ანტიდისკრიმინაციული კანონი, უზრუნველყოს უმცირესობების ჯგუფების დაცვა და გენდერული თანასწორობის დაცვა. EU-მ ასევე მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა ეფექტური შრომის ინსპექციის გასაუმჯობესებლად. 

ივლისში ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის დროს, ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები, რამაც გამოიწვია ღირსების მარშის გაუქმება. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველო ვალდებულია გამოიძიოს ასეთი თავდასხმები. 


close დახურვა