საზღვრის უკანონო კვეთის საქმის სასამართლო სხდომაზე, ამავე საქმეში ბრალდებული ელგუჯა ცომაია დეტალურად ყვება, როგორ გადმოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. მისი თქმით, გემზე დალუქული ტრაილერი ისე გახსნა, რომ ლუქის ნიშანი არ დააზიანა და შიგნით მიხეილ სააკაშვილი დამალა.
ამაზე პროკურორმა დამაზუსტებლად იკითხა: "ანუ მებაჟეც ისე დაადებდა ამ კარს ლუქს, რომ არ დაზიანდებოდა იგი და თქვენც ისე გააღებდით კარს, რომ არ დაზიანდებოდა ლუქი, სწორად გავიგე?" - რაზეც ელგუჯა ცომაიამ უპასუხა:
"კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ახლა, არ გეწყინოთ, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი მებაჟე, არ გავუშვებდი, იმიტომ რომ მე გამოცდილება მაქვს ბევრი რაღაცის".
განმარტეთ, რომ ორი საძინებელია [ტრაილერში] და ერთში ავიდა მიხეილ სააკაშვილი. ეს გათვლა, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძელებელია, მოუწევდა ე.წ. მაცივარში გადასვლა, სად გქონდათ, უკრაინაში, თუ საქართველოსთვის?
"ეს გავთვალე მარტო საქართველოსთვის იმიტომ, რომ უკრაინა ახლა თუ გინდა საქართველოც, არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, როგორ სინჯავენ და რას სინჯავენ, ჩემზე უკეთ იცით. ჩვეულებრივად, მეც განსაზღვრული მქონდა. სანამ ავიდოდი, მე ვათვალიერებდი პორტს, ვნერვიულობდი მეც. შევატყვე სიტუაციას, რომ შეეძლოთ, მაგრამ იქაც საერთოდ რომ არ ჩამეჯინა, კაცი-შვილი არ იყო მაგის მნახველი. ამიტომ ავიყვანე ზევით. ეს სულ მოხდა 15 წუთის განმავლობაში, ავიყვანე და ჩამოვედი დაბლა. გაგვაჩერეს, მებაჟემ წრე დაარტყა მანქანას. შეხედა პლომბს, დაარტყა თავისი პლომბი და...".
***
მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს.
საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია.
ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები.
მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.